მნიშვნელოვანისიახლეები

განათლების სამინისტრო რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნას უარყოფს

განათლების სამინისტროს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს საქართველოში, რუსეთის დაფინანსებით, რუსულ-ქართული უნივერსიტეტი იხსნება.

მათი თქმით, რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შესულა.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ “ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განათლების სისტემისა და ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას”.

სამინისტროს განცხადება:

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთის დაფინანსებით იხსნება რუსულ-ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სიმართლეს არ შეესაბამება.

გაცნობებთ, რომ რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შემოსულა.

როგორც მოგეხსენებათ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ავტორიზაციის მინიჭების გარეშე არც ერთ სასწავლებელს არ აქვს საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება. საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერძო სუბიექტისთვის.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არის დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განათლების სისტემისა და ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნაზე პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ფონდის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ისაუბრა. მისი თქმით, 3-7 ივლისს პეტერბურგში რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა “მთელი რიგი მიმართულებებით ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა” და მალე, მათ შორის, შეძლებენ ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნაზე მსჯელობის დაწყებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button