მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მოსაწესრიგებელი სანიაღვრე არხები თელავში-მოსახლეობა უყურადღებობაზე ჩივის

თელავში სანიაღვრე არხების გაწმენდასა და საკანალიზაციო ჭების მოწესრიგებას ითხოვენ. რუსთაველის ქუჩის მოსახლეობის ინფორმაციით, სანიაღვრე არხები, თვეების განმავლობაში გასაწმენდია და წვიმიანი ამინდების დროს, ნალექს ვერ ატარებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსაწესრიგებელია საკანალიზაციო ჭებიც, რომლებიც ავტომანქანებით მოძრავი მოქალაქეებისათვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს.

” ეს სანიაღვრეები სულ გასაწმენდი და გასაკეთებელია. პატარა წვიმის დროსაც წყლით ივსება და სახლებთან მოგვდის. ალბათ აუცილებელია, რომ ბოლომდე ჩაინგრეს, ყურადღება რომ მიაქციონ. ან საკანალიზაციო ჭები რა დღეშია. აფარებენ, რაღაც გაუგებარ რკინებს, ზედ მანქანით გადასვლა არ შეიძლება, იქნებ ჩატყდეს კიდეც”- განაცხადა ერთ- ერთმა ადგილობრივმა, მერაბ ემინაშვილმა.

სანიაღვრე არხების დასუფთავებას ითხოვს მოსახლეობა ტაბიძის ქუჩის დასაწყისშიც.

” ჩვენი მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია. წვიმიან ამინდში, სოფელ შალაურის გზიდან წამოსული ნალექი სულ აქ ჩამოგვდის. ეს არხები ვერ ატარებს და სახეები გვევსება. წყლის გასასვლელი მოწესრიგებული არ იყო და ზემოდან აფალტი გადააგდეს”-ამბობს ჯულიეტა წიგნაძე.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელის, დავით ქსოვრელიშვილის განმარტებით, მერიას პრობლემის სრულად გადაწყვეტა არ შეუძლია.

” ტაბიძის ქუჩაზე მდებარე სანიაღვრე არხებს, მერია უახლოეს დღეებში გაწმენდს. რაც შეეხება რუსთაველის ქუჩის სანიაღვრეებს, ეს საგზაო დეპარტამენტის მოვალეობაა, რადგან გზა მათ ეკუთვნით. ჩვენ ჩავაყენებთ მათ საქმის კურსში. საკანალიზაციო ჭების საკითხის გადაწყვეტასაც ალბათ შევძლებთ”- განაცხადა ქსოვრელიშვილმა.

თელავში სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობის გამო, ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები და ეზოები, უკვე რამდენჯერმე დაიტბორა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, საკანალიზაციო ჭები კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტშია მოსაწესრიგებელი.

4 მაისს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში, საკანალიზაციო ჭაში, 7 წლის მოზარდი ჩავარდა და ხელის მსუბუქი დაზიანება მიიღო. მას გადაუდებელი დახმარება , წნორის საავადმყოფოში აღმოუჩინეს.

საკანალიზაციო ჭა მერიამ მხოლოდ ამ შემთხვევის შემდეგ მოაწესრიგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button