მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური”სააკაშვილის დაკავებაზე ინფორმაციას ეხმაურება

სს “კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური” ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ქვეყანაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოთის ნავსადგურის გავლით შემოსვლის შესახებ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ ფლობენ დადასტურებულ ინფორმაციას ამ საკითხზე და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგური ნავსადგურის ტერიტორიაზე შემომავალი ან გამავალი ტვირთის და მისი თანმხლები პირების შემოწმებაზე უფლებამოსილი და შესაბამისად, პასუხისმგებელი არ არის. მათი ცნობით, პროცესი სრულად კონტროლდება და იმართება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ.

“რაც შეეხება ინფორმაციას ჩვენი ორი თანამშრომლის დაკავების ფაქტის შესახებ, ჩვენ ველოდებით საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ოფიციალურ ინფორმაციას. აქვე, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, მოთხოვნისამებრ ვითანამშრომლოთ სამართალდამცავ ორგანოებთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულთაგან ორი, მამა-შვილი, ფოთის პორტის თანამშრომლები არიან. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით – მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს სააკაშვილის მიყვანა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, საიდანაც ის თბილისში გაემგზავრა. დაკავებულების ოჯახი ამ საქმესთან კავშირს უარყოფს.

რაც შეეხება ამავე საქმეზე დაკავებულ ელგუჯა ცომაიას, ვის ბინაშიც დააკავეს ყოფილი პრეზიდენტი, მას აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button