კორსიკელმა მებაჟეებმა პიკასოს შედევრი ამოიღეს

საფრანგეთის მებაჟეებმა კორსიკაში, ესპანელი ბანკირის კატარღიდან, პაბლო პიკასოს სურათი ამოიღეს, რომელიც ქვეყნიდან უკანონოდ გაჰქონდათ. ექსპერტების შეფასებით, შედევრის ღირებულება 25 მილიონი ევროა.

როგორც მებაჟეებმა დაადგინეს, პიკასოს ნახატი – „ახალგაზრდა ქალის თავი“ ესპანელ ბანკირ ჰაიმე ბოტენს ეკუთვნის. თუმცა დოკუმენტები, სურათის შვეიცარიაში გატანის ნებართვით, ბანკირის სახელზე გაფორმებული არ იყო. საქმე ისაა, რომ დიდი ოსტატის შედევრი ესპანეთის ეროვნულ საკუთრებად ითვლება და მისი საზღვრებს გარეთ გატანა სასტიკად აკრძალულია.

სააგენტო AFP-ს ინფორმაციით, საფრანგეთის ხელისუფლება მადრიდის ოფიციალურ მოთხოვნას ელოდება, რათა შედევრი ესპანეთში დააბრუნოს.

პაბლო პიკასოს შედევრები, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ნაწარმოებებად ითვლება. მისი ნამუშევრების საერთო ღირებულებას ექსპერტები 10 მილიარდ ევროდ აფასებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button