მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

არ დავუშვებთ რომ სამოქალაქო ომი კვლავ მოხდეს-რუსეთის პრეზიდენტმა პრიგოჟინის აჯანყებას “ღალატი” უწოდა

არ დავუშვებთ, რომ სამოქალაქო ომი კვლავ მოხდეს, დავიცავთ ჩვენს ხალხსა და სამშობლოს, – ამის შესახებ ცოტა ხნის რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ევგენი პრიგოჟინის აჯანყებას “ღალატი” უწოდა, ასევე “დარტყმა რუსეთზე”.
“მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს, შეიარაღებულ ძალებს, სამართალდამცავ ორგანოებს, უსაფრთხოების სამსახურს, მებრძოლებს და მეთაურებს, რომლებიც ახლა იბრძვიან და მტრის იერიშებს იგერიებენ. მივმართავ მათაც, ვინც მოტყუებით ან მუქარით ჩართეს დანაშაულებრივ ავანტიურაში, უბიძგეს შეიარაღებული ამბოხისკენ.

რუსეთი დღეს მძიმე ბრძოლას აწარმოებს ნაცისტების წინააღმდეგ, ჩვენს წინააღმდეგ მომართულია დასავლეთის მთელი სამხედრო, ეკონომიკური და საინფორმაციო მანქანა. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის. ასეთ პირობებში, იმ ყველაფრით, რაც ახლა ხდება, შეიძლება ჩვენმა მტერმა ისარგებლოს. ეს არის ერის ღალატი, ზურგში დანის ჩარტყმა ხალხისა და სახელმწიფოსთვის,”- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ევგენი პრიგოჟინი ე.წ. ტროლების ქარხნის შემქმნელია. გარდა ამისა, მან კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი დააფუძნა. მიიჩნეოდა, რომ პრიგოჟინი პუტინის ახლო გარემოცვის წევრი იყო.

თავის სატელევიზიო მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტმა მომხდარი 1917 წლის მოვლენებს შეადარა და პირობა დადო, რომ ყველა მონაწილე დაისჯება.
პუტინმა, ასევე აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია.
ოკუპანტმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ყველას, ვინც აჯანყების გზას დაადგა, “გარდაუვალ სასჯელი ექნებათ”. პუტინმა თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება “იმათი განეიტრალების შესახებ, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება”.

“დონის როსტოვში ვითარების დასასტაბილურებლად გადამწყვეტი ზომები იქნება მიღებული. ის რჩება რთული – ფაქტობრივად, სამოქალაქო და სამხედრო მართვის ორგანოების მუშაობა დაბლოკილია”, – განაცხადა პუტინმა.

…………………..
დღეს, 24 ივნისის დილას კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დონის როსტოვში სამხედრო ობიექტებზე კონტროლი დაამყარა.

ამასთან, გამოცემა “მედუზა” იუწყება, რომ 24 ივნისს, დილას დონის როსტოვის ცენტრი შეიარაღებულმა პირებმა დაიკავეს, რომლებიც, დიდი ალბათობით, “ვაგნერის მებრძოლები” არიან.

“ბიბისი” რუსეთის ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღეს.

23 ივნისს, პარასკევს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე საარტილერიო და ასევე შვეულმფრენებიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს “ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს”.

ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ “ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში”.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ კომპანია “ვაგნერის” არიერგარდულ ბანაკებზე რუსი სამხედროების თავდასხმის შესახებ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა მესიჯი და ვიდეომასალა სიმართლეს არ შეესაბამება და საინფორმაციო პროვოკაციაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button