კოტე იოსელიანმა შეიძლება რაღაცარაკორექტული, მოსაზრება, გამოთქვა რვა წლის წინ და დღეს ისჯება იმიტომ, რომ ეს ეხებოდა „შიშველი მეფის” ოჯახს,,-ზურაბიშვილი

კოტე იოსელიანმა რაღაც მოსაზრება, შეიძლება არაკორექტული, გამოთქვა რვა წლის წინ და დღეს ისჯება იმიტომ, რომ ეს ეხებოდა „შიშველი მეფის” ოჯახს, ეს უკვე არის ამ რეჟიმის განაჩენი , – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსგავსი ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების სისუსტის ნიშანია და „ჩვენ ერთის მხრივ უნდა დავგმოთ ეს მოქმედება და ამავე დროს ვიცოდეთ, რომ ეს არის მართლაც მათი განაჩენი“.
„არ შეიძლება არ ვიყოთ ყველანი შეშფოთებული იმით, რაც მოხდა კოტე იოსელიანის შემთხვევაში. ეს გატაცება, მუქარა, რაც მოხდა იმიტომ, რომ ადამიანმა რაღაც მოსაზრება, შეიძლება არაკორექტული, გამოთქვა რვა წლის წინ და დღეს ისჯება იმიტომ, რომ ეს ეხებოდა შიშველი მეფის ოჯახს, ეს უკვე არის ამ რეჟიმის განაჩენი. ეს რეჟიმი ყოველდღიურად გვაჩვენებს, თუ როგორი შეშინებულია თვითონ, როგორ არამყარად დგას და აღარ იცის, რას მიმართოს, რომ ადამიანები დააშინოს, დაემუქროს, აუკრძალოს არა მხოლოდ ლაპარაკი, არა მხოლოდ სიტყვების გამოყენება, თუნდაც facebook-ზე რაღაცის დაწერა, ეს არის მცდელობა სრული კონტროლისა. მგონი, უკვე გადავედით ჩრდილოეთ კორეის დონეზე, არ ვიცი იქ ამ დონის კონტროლი თუ არის. ეს მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის ნიშანია. არ არსებობს რეჟიმი, რომელსაც გააჩნია შიდა შემართება და რომელსაც აქვს მხარდაჭერა თავისი მოსახლეობის – რაც არ უნდა დიქტატორული რეჟიმი იყოს, თუ აქვს ოდნავ მაინც მხარდაჭერა თავისი მოსახლეობის, ასე არ იქცევა და არც სჭირდება, რომ ასე მოიქცეს. ჩვენ ერთის მხრივ უნდა დავგმოთ ეს მოქმედება და ამავე დროს ვიცოდეთ, რომ ეს არის მართლაც მათი განაჩენი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.
მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი “მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში”.
ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.
წინა დღეს, 8 ივნისს, კოტე იოსელიანმა, – რომელიც საჯარო სივრცეში ფაქტობრივად აღარ აქტიურობს, – ფეისბუკზე გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომლითაც მეორედ მოიხადა ბოდიში 2018 წლის საჯარო განცხადებაზე.
კერძოდ, კოტე იოსელიანის ბოდიში მიემართებოდა მის მიერ 2018 წელს გაკეთებულ საჯარო განცხადებას, რომელშიც ის მიანიშნებდა ბიძინა ივანიშვილის უფროს ვაჟს, უტა ივანიშვილსა და ერთ-ერთ ცნობილ საჯარო ფიგურას, პოლიტიკოს კაცს შორის არსებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე.
ამ განცხადებიდან მეორე დღესვე მან საჯარო ბოდიში მოიხადა. თავად განცხადებებში ის სხვების პირად ცხოვრებაზე გავრცელებულ ინფორმაციას „ქალაქში მოსიარულე ჭორებს“ მიაწერდა.
დღეს დილას, 9 ივნისს, იოსელიანის მეუღლემ, „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მისი ქმარი რამდენიმე საათის განმავლობაში „გატაცებული იყო“ და ხელმეორე ბოდიში ზეწოლის შედეგია.
„მთელი ამ დროის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა მუქარა და მას ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით. მე მთელი ღამის განმავლობაში ვცდილობდი ჩემს მეუღლესთან დაკავშირებას, მას არ აძლევდნენ ტელეფონთან წვდომას“, – თქვა ბოკუჩავამ. „ქართულ ოცნებაში“ იოსელიანისა და ბოკუჩავას ბრალდებებს „უნიჭო სპექტაკლი“ უწოდეს.
კოტე იოსელიანი პოლიციაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
„რაზეც ერთხელ უკვე მოხდილი მქონდა ბოდიში სამართლიანად, იმაზე მეორედ ბოდიშის მოხდა არ ყოფილა არანაირი მორალური თუ პრინციპული კომპრომისი, რაც მით უმეტეს, რომ განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას.
რუსული, მდაბიო, მოღალატეობრივი და ანტიქართული რეჟიმი უნდა განადგურდეს და ამაში ისევ იქ ვდგავარ, სადაც ყოველთვის ვიდექი“, – დღეს ფეისბუკზე ის ასე გამოეხმაურა განვითარებულ მოვლენებს.