,,კოტეს გატაცების რეალური მიზეზი არის ჩემი დაშინება და ჩემი გაჩუმება,,-ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მისი ქმარი კოტე იოსელიანი რამდენიმე საათის განმავლობაში გატაცებული იყო და ზეწოლის შედეგია ის განცხადება, რომლითაც ის ბოდიშს უხდის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის შვილს – უტა ივანიშვილს.
„საზოგადოების ნაწილმა იხილა ვიდეო, რომელიც გუშინ ჩემმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა გამოაქვეყნა, სადაც ის თითქოს, ბოდიშს იხდის მის მიერ 2018 წელს გაკეთებული საჯარო კომენტარის გამო, უტა ივანიშვილთან დაკავშირებით. მე მინდა საზოგადოებას მოვუყვე რა მოხდა ამ ვიდეოს ჩაწერამდე. ჩემს მეუღლეს ჩვენი საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ვცხოვრობთ, ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი. მას ეს 5 ნიღბიანი თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება ვერ შეძლეს. ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ჩემი მეუღლე ჩასვეს მანქანაში, თვალები აუხვიეს. თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით.
ჩვენთვის შეუძლებელია დავადგინოთ ზუსტი ლოკაცია მისი გატაცების, რადგან თვალებახვეული იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. თუმცა დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ ის გაიტაცეს და შემდგომ, მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში. ადგილზე მიყვანის შემდეგ, გამტაცებლები 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, უსახელებდნენ მისი ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის, ჩვენი უფროსი, 10 წლის შვილის სკოლის და ჩვენი ორწლინახევრის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა. მას ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივია, მთელი ღამის განმავლობაში ჩემს მეუღლესთან დაკავშირებას ვცდილობდი, მას არ აძლევდნენ ტელეფონზე წვდომას.
ყველას პირადი ცხოვრება პირადია, წერტილი. ყველას კარგად გვესმის, რომ უტა ივანიშვილზე 7 წლის წინ გაკეთებული განცხადება, რომელზეც კოტემ ფაქტიდან სამ დღეშივე საჯაროდ მოუხადა ბოდიში, კოტეს გუშინდელი გატაცების რეალური მიზეზი არაა, ეს არის, მხოლოდ საბაბი. რეალური მიზეზი არის ჩემი დაშინება და ჩემი გაჩუმება.
ახლა მინდა ძალიან გარკვევით ვთქვა, ბიძინა ივანიშვილის მისი ყველა ოჯახის წევრის, კოტეს გამტაცებლების და გატაცების დამკვეთები, მათ შორის, გელა გელაძის, რომელიც როგორც მეუბნებიან, როდესაც ამერიკაში პოლიტიკურ მეცნიერებას ვსწავლობდი, ვანო მერაბიშვილის ყურმოჭრილი მონა იყო, ყველას გასაგონად მინდა გარკვევით ვთქვა, არ მეშინია! არ გავჩუმდები და ვიბრძოლებ თქვენი ძალადობრივი მოღალატეობრივი რეჟიმის დემონტაჟისთვის“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „რეჟიმმა ჩათვალა, რომ მას ვერ იჭერენ და გადაწყვიტეს, მასზე ოჯახით ზეწოლა განახორციელონ“.„რეჟიმმა ჩათვალა, რომ ისინი მე ვერ მიჭერენ. ამიტომ, გადაწყვიტეს ჩემზე განახორციელონ ზეწოლა ჩემი ოჯახით. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ მეშინია! არ გავჩუმდები და ყოველთვის, ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს, რადგან მხოლოდ სიმართლით შეგვიძლია დავამარცხოთ რეჟიმის სიცრუე, რეჟიმის სიმხდალე, რეჟიმის ბოროტება და მათი ღალატი“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
გუშინ, 8 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის 7 წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო, რომელიც მის სექსუალურ ორიენტაციას შეეხებოდა.
„გულწრფელად უტას ბოდიშს ვუხდი ამის გამო, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია. ერთადერთი, რაც ვიცი, მას ყოველთვის კარგად ახასიათებენ, ნორმალური ადამიანია და მის ვაჟკაცობაზე საუბრობენ. ეს იყო ტყუილი, რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასდროს არის გვიანი. რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი. მართლა გულწრფელად ვნანობ და მინდა, კიდევ ერთხელ გულწრფელად ბოდიში მოვუხადო უტა ივანიშვილს“, – ამბობდა იოსელიანი.
კოტე იოსელიანის ბოდიში მიემართებოდა მის მიერ 2018 წელს გაკეთებულ საჯარო განცხადებას, სადაც ის მიანიშნებდა უტა ივანიშვილსა და ერთ-ერთ ცნობილ საჯარო ფიგურას, პოლიტიკოსს შორის არსებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე. ამ განცხადებიდან მეორე დღესვე მან საჯარო ბოდიში მოიხადა. თავად განცხადებებში ის სხვების პირად ცხოვრებაზე გავრცელებულ ინფორმაციას „ქალაქში მოსიარულე ჭორებს“ მიაწერდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, კოტე იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო უწყებაში დაუდასტურეს.
კოტე იოსელიანის დაბარება სავარაუდოდ, მისი მეუღლის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც ის მის მეუღლეზე განხორციელებულ გატაცებასა და ზეწოლაზე საუბრობს.
ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.
მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი “მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში”.
ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.
შეგახსენებთ, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის, რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.