მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კოვიდინფიცირებულმა თელავში მომსახურება მოქალაქეების თანდასწრებით მიიღო

თელავში, კოვიდინფიცირებულმა ქალმა აფთიაქის შენობის დატოვებაზე უარი განაცხადა და მომსახურება მაინც მიიღო. ამის შესახებ,რადიო ჰერეთს ერთ – ერთმა მომხმარებელმა შეატყობინა, რომელიც ფაქტს თავად შეესწრო.

” 65 წლამდე ასაკის ქალი იდგა რიგში, ყურადღება მაშინ მივაქციე, როცა რიგში გადასწრება სცადა და თან უცნაურად ახველებდა. თვითონვე თქვა, რომ ცოტა ხნის წინ დაუდასტურდა კოვიდი და მოვიდა აფთიაქში წამლების შესაძენად. ფარმაცევტებმა სთხოვეს დაეტოვებინა შენობა, თუმცა მან უარი თქვა. მხოლოდ მე დავტოვე აფთიაქი, ჩემდა გასაკვირად, სხვა მოქალაქეები დარჩნენ და ფარმაცევტებმაც, მომსახურება მაინც გაუწიეს”- თქვა თვითმხილველმა.

აფთიაქში, სადაც კოვიდინფიცირებულმა მომსახურება მაინც მიიღო, კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.
თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მაია ჯღუთაშვილის განმარტებით, მოქალაქე პოლიციის ძალით უნდა გაეყვანათ, ან შეეტყობინებინათ მათთვის.

” მეორე წელია, ადამიანებს ვუხსნით, რომ არაფრით შეიძლება კოვიდინფიცირებულის თავისუფლად გადაადგილება. რაკი ქალბატონს ეს არ ჰქონდა გაცნობიერებული, საჭირო იყო პოლიციის გამოძახება, ან ჩვენთვის შეტყობინება. ეპიდემიოლოგები მუდმივად უხსნიან ინფიცირებულ პირებს, რა წესების დაცვაა საჭირო, ძალიან სამწუხაროა, რომ მოქალაქეების ნაწილს, მაინც არ ესმის, რა საფრთხეებთან გვაქვს საქმე,”- განაცხადა ჯღუთაშვილმა.

დღეს კახეთში, კოვიდინფიცირების 326 შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირის მონაცემებთან შედარებით, თითქმის ასი შემთხვევით მეტია.

მსგავსი პოსტები

Back to top button