კრამონი “კავკასიურ სახლს”: “არ ვსაჭიროებ თქვენს მეურვეობას”
ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა, კავკასიური სახლის ღია წერილს უპასუხა, რომლითაც, როგორც წერილის ადრესატები ამტკიცებენ, „საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გულისტკივილი“ გაუზიარეს.
როგორც ვიოლა ფონ კრამონი წერს, კითხვა იმედგაცრუებულმა დაასრულა, რადგან წერილი დეზინფორმაციას შეიცავს.
„თქვენ რომ მე წინასწარ შემხმიანებოდით, როგორც ეს „საერთო პოლიტიკური და ეთიკური ღირებულებების“ მქონე მოკავშირეს შეშვენის, კიდევ ერთხელ სიამოვნებით განგიმარტავდით ჩემს პოზიციას და ამ გზით, თავიდან აირიდებდით თქვენი წერილის სიმცდარითა და დეზინფორმაციით გაჯერებას“. – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
როგორც კრამონი აღნიშნავს, არ არის საჭირო მისთვის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სისასტეკეების შეხსენება, რადგან ამაზე ინფორმირებულია და 2012 წელს, ქართველ ხალხთან ერთად, იმედის თვალით შეჰყურებდა „ქართულ ოცნებას“.
ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს და თავი შეიკავოს სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევისგან. მისივე თქმით, ექსპერტები და მკვლევარები ამ სფეროებში არსებულ რეგრესზე საუბრობენ.
„ასევე, ზედმეტია ჩემთვის სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკეების შეხსენება. ეს ყველაფერი ჩემთვის კარგადაა ცნობილი. გერმანიის პარლამენტის წევრობისას, მე გახლდით სააკაშვილის მთავრობის ხმამაღალი კრიტიკოსი. ამის გამო, მან და მისმა გუნდმა შემრაცხა პერსონა ნონ გრატად და აქტიურად (მაგრამ არა ყოველთვის წარმატებით) ცდილობდნენ, საქართველოში ჩატარებულ ღონისძიებებში ჩემს დაბლოკვას. 2012-ში, მეც, მილიონობით ქართველის გვერდით, იმედით და კეთლი მოლოდინით შევყურებდი “ქართულ ოცნებას”. ვაი, რომ იმედი გახუნდა.
“გარდა ამისა, არ ვსაჭიროებ თქვენს მეურვეობას. შესანიშნავად მომეხსენება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საეჭვო მეთოდები და სწორედ ამიტომ, საქართველოს შესახებ ინფორმაციას უდიდესწილად ვიღებ ექპერტებისგან, მკვლევარებისგან, დიპლომატებისგან და ხშირად, რიგითი ქართველებისგან.
“თქვენ ამტკიცებთ, რომ მე „აქტიურად ვლობირებდი რამდენიმე დატუსაღებული ქართველი პოლიტიკოსის გათავისუფლებას“. ეს არის სრული და მტკნარი სიცრუე. არც ჩემს ოფიციალურ განცხადებაში და არც ინტერვიუებში არ მომითხოვია ვინმეს გათავისუფლება. ასევე სიცრუეა, როცა ამტკიცებთ, რომ მე თითქოს ვიღაც „პოლიტიკურ პატიმრად“ გამოვაცხადე. არასოდეს გამომიყენებია ეს სიტყვები. მე ჩემს საქმიანობას ვეკიდები უდიდესი პასუხისმგებლობით, ხოლო თქვენი ქვეყნის მომავალს უდიდესი ზრუნვით. სწორედ ამიტომ, ვარჩევ სიტყვებს მაქსიმალური სიზუსტით. ამავდროულად მოველი, რომ თქვენ აირჩევთ ამ სიტყვების სწორად წაკითხვას, სანამ დაუსაბუთებელი ბრალდებების წაყენებას მიყოფთ ხელს.
“ჩემი რჩევა (და არა თხოვნა ან მოთხოვნა) საქართველოს მთავრობის მიმართ არის იგივე, რაზეც ხალხი 2012 წელს ოცნებობდა: დემოკრატიული პრინციპების პატივისცემა და ობიექტური, გამჭვირვალე და პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა. სამწუხაროდ, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები და მკვლევარები ადასტურებენ, ამ სფეროებში ძალიან სამწუხარო უკან დახევის ტრენდი გამოიკვეთა“. – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, თუმცა ისინი სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას იმსახურებენ, რომელიც თავისუფალი იქნება ხელისუფლების ჩარევისგან.
„უცილობოა, რომ ყველა დამნაშავე უნდა გასამართლეს. თუმცა, დამნაშავეებიც კი იმსახურებენ სამართლიან სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებებიც დაეყრდნობა მყარ მტკიცებულებებს და თავისუფალი იქნება ხელისუფლების ჩარევისგან. სხვა შემთხვევაში გამოვა, რომ ყველანი ერთად ვაშენებთ არა დემოკრატიულ საქართველოს, არამედ რეჟიმს, რომელსაც თქვენ და სხვა დისიდენტები ათწლეულების განმავლობაში ებრძოდით.
“ჩვენ ვთანხმდებით საქართველოს უნიკალური ეკოსისტემის შეფასებისას. არაერთხელ ვყოფილვარ რა საქართველოში, მოხიბლული ვარ თქვენი ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალით მწვანე და მდგრადი ენერგიის წარმოების სფეროში. ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ვმუშაობთ თავდაუზოგავად, რათა „ახალი მწვანე შეთანხმების“ დადებითი შედეგები გასცდეს ევროკავშირის საზღვრებს და საქართველოსთან ერთად, სარგებელი მოუტანოს აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებსაც. ეს ნაბიჯები გაამყარებს საქართველოს ევროპულ ოჯახში ურყევი ინტეგრაციის გზას, რომელსაც ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა”. – წერია ევროპარლამენტარის განცხადებაში.