კრემლი უარყოფს ინფორმაციას ომში ბოლო 5 თვეში 20 000-მდე რუსი მებრძოლის დაღუპვის შესახებ

კრემლი უარყოფს თეთრი სახლის ინფორმაციას უკრაინის ომში ბოლო 5 თვეში 20 000-მდე რუსი მებრძოლის დაღუპვის შესახებ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, „ეს ციფრები ჰაერიდან მოტანილია“.
„ვაშინგტონს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დაასახელოს სწორი ციფრები, მათ არ აქვთ ეს მონაცემები. მხოლოდ იმ მონაცემებს უნდა დაეყრდნოთ, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს“, – აღნიშნა პესკოვი.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ, დაზვერვის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის დეკემბრიდან დღემდე უკრაინაში 20 ათასამდე რუსი მებრძოლი დაიღუპა და 80 ათასამდე დაშავდა.
ამასთან, კრემლში თვლიან, რომ უკრაინის ომში გერმანიის პირდაპირი თუ ირიბი ჩართულობა ყოველდღიურად იზრდება და ბერლინი ვერ შეძლებს იმის უზრუნველყოფას, რომ მისი იარაღი უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე არ იქნება გამოყენებული.
„გერმანიას არ აქვს ამის შემოწმების საშუალება. მეორეც, კიევის რეჟიმისთვის გერმანიის მიერ მიწოდებული შეიარაღება უკვე გამოიყენება რუსულ ტერიტორიებზე, რადგან დონბასი რუსეთის რეგიონია“, – აღნიშნავს პესკოვი.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გაასაჯაროვა ინფორმაცია ბოლო ხუთი თვის განმავლობაში უკრაინაში, მათ შორის ბახმუტის რაიონში რუსეთის დანაკარგების შესახებ. კირბის თქმით, ამერიკის სადაზვერვო სამსახურების შეფასებით, დეკემბრიდან რუსეთის პირადი შემადგენლობის საერთო დანაკარგი 100 ათასია, აქედან 20 ათასი დაღუპულია და მათი ნახევარი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერზე“ მოდის.
ჯონ კირბის შეფასებით, რუსეთის შეტევა ბახმუტში შეჩერდა და ჩაიშალა, იუწყება Reuters-ი.
კირბიმ უარი თქვა უკრაინის დანაკარგების შეფასებაზე: „აქ ისინი არიან მსხვერპლი, რუსეთი კი აგრესორია“, – მოჰყავს კირბის სიტყვები AFP-ს. მისი თქმით, თეთრი სახლი არ გამოაქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც ართულებს უკრაინისა და მისი არმიის მდგომარეობას.
ოფიციალური სტატისტიკის მოხმობა შეუძლებელია: რუსეთმა დაღუპულთა რიცხვი ბოლოს სექტემბერში გამოაქვეყნა. მაშინ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ 5937 დაღუპულის შესახებ იტყობინებოდა. ეს მაჩვენებელი უკვე მაშინ გამოიყურებოდა ხელოვნურად შემცირებულად.
BBC-მ პარტნიორებთან ერთად დაიანგარიშა იმ დაღუპულ რუს სამხედროთა რაოდენობა, რომელთა გვარები ღია წყაროებშია ხელმისაწვდომი. ასეთი დაანგარიშების შედეგები უკანასკნელად 28 აპრილს გამოქვეყნდა: მაშინ ცნობილი იყო 21700 დაღუპულის ვინაობა. მათგან 2200 მოხალისე იყო, 1312 – „ვაგნერის“ წევრი.
ყველა ეს მაჩვენებელი აშკარად არ ასახავს დაღუპულთა საერთო რაოდენობას.