კრემლის დიქტატორის თქმით “თურქეთი საიმედო პარტნიორია”

კრემლის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ “თურქეთი საიმედო პარტნიორია”. ამის შესახებ მან თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას თქვა.
მან ასევე თქვა, რომ თურქეთს შეუძლია, თავისი ტერიტორიის მეშვეობით მსოფლიოს ყველა ქვეყანას მიაწოდოს სხვადასხვა მარაგი. პუტინის თქმითვე, თურქეთი რუსული გაზის საფასურის 25%-ს რუბლში გადაიხდის.
მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთი რუსეთიდან გაზის მიწოდების ერთ-ერთ საიმედო მარშრუტად იქცა.
„თურქეთი გახდა ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მარშრუტი ჩვენი ენერგორესურსების, მათ შორის გაზის მიწოდებისთვის, არა მხოლოდ საკუთარი საჭიროებისთვის, არამედ ევროკავშირის ქვეყნებისთვისაც. ევროპაში მიწოდება თურქული ნაკადის გავლით ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს”, – განაცხადა პუტინმა.
გარდა გაზისა რუსეთის ეკონომიკურმა ოპერატორებმა მიიღეს სიგნალი, რომ მათ შეუძლიათ საკვები პროდუქტების ექსპორტი თურქეთის გავლით,„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ლიდერები აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომლის დროსაც ისინი გეგმავენ განიხილონ, სხვა საკითხებთან ერთად, მარცვლეულის შეთანხმებაც. მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ ყველა შეთანხმება არ სრულდება, კერძოდ, მისი თქმით, გაჭირვებულ ქვეყნებში რუსული სასუქების მიწოდებაზე შეზღუდვები არ მოხსნილა.
„მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენმა ეკონომიკურმა ოპერატორებმა მიიღეს შესაბამისი სიგნალები, რომ მათ შეუძლიათ ჩვენი პროდუქციის ექსპორტი თურქეთის გავლითაც – ვგულისხმობ, რომ თურქეთი საიმედო პარტნიორია ამ მხრივ და შეუძლია უზრუნველყოს თავისი ტერიტორიით საიმედო მიწოდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის აზიის, ლათინური ამერიკის, აფრიკის ქვეყნებში, რადგან ჩვენ ძირითადად იქ ვყიდით პროდუქციას“, – განაცხადა პუტინმა შეხვედრის დროს
შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთის სანქციების საპასუხოდ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, “არამეგობრულ ქვეყნებს” გაზს რუსულ რუბლში მიყიდიდნენ.
რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის G7-ის ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსულ გაზს რუბლით არ იყიდიან.
ცნობისთვის, პუტინისა და ერდოღანის დღევანდელი შეხვედრა კი სამარყანდში გაიმართა. ცოტა ხნის წინ ის ინდოეთის პრემიერ ნარენდრა მოდისაც შეხვდა და თქვა, რომ “რუსეთი ყველაფერს აკეთებს კონფლიქტის სწრაფად დასასრულებლად”.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე მოლაპარაკების შემდეგ ჯერ კიდევ გუშინ, პუტინი შეხვდა უზბეკეთი ლიდერს, ასევე ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს, სადაც საუბარი შეეხო, როგორც რუსული მედია წერს, “შეერთებული შტატების ბოლოდროინდელ პროვოკაციას ტაივანის სრუტეში”.
მედიის ცნობითვე, პუტინი ესაუბრა ირანის ლიდერსაც: “სხვა საკითხებთან ერთად, ორი ქვეყნის ლიდერებმა
განიხილეს ვითარება რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის შესახებ ერთობლივი სამოქმედო გეგმის ირგვლივ”.
პუტინი შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსაც, თუმცა რაზე ისაუბრეს მხარეებმა – ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.