მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდნეტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებები ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.

„პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ქვეყნის შიდა დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ბელარუსულ საზოგადოებაში რუსეთისა და პუტინის ნეგატიურად აღქმას მაქსიმალურად აძლიერებს. კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა“, – წერს დანილოვი „ტვიტერზე“.

როგორც პუტინის სიტყვებიდან ჩანს, ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებს გადასცემს. ასეთი ჭურვები არ განეკუთვნება ბირთვულ იარაღს, თავად რუსეთი მათ ასეთად არ მიიჩნევს.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, არ არსებობს ნიშნები, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება. აშშ-ის განცხადებას Reuters ავრცელებს.

“ჩვენ ვნახეთ ცნობები რუსეთის განცხადების შესახებ და ამ სიტუაციის მონიტორინგს გავაგრძელებთ. ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე მიზეზს, რომ შევცვალოთ ჩვენი ბირთვული პოზიციის სტრატეგია, ვერც იმას ვხედავთ, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება. ჩვენ NATO-ს ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ერთგული ვრჩებით”, – აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.
პუტინი ძალიან პროგნოზირებადია. ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განცხადების გაკეთებით ის აღიარებს, რომ წაგების ეშინია და რაც შეიძლება გააკეთოს არის ტაქტიკით შეშინება, – ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, პუტინის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ადასტურებს დანაშაულში მონაწილეობას.

„მეორე, ის კიდევ ერთხელ აცხადებს დანაშაულში მონაწილეობას. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დარღვევა“, – წერს პოდოლიაკი.
25 მარტს კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოფიციალური მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 3 აპრილიდან ეკიპაჟების წვრთნას იწყებენ. მისი თქმით, ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობას პირველ ივლისს დაასრულებენ.

პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკვე დაეხმარა ბელარუსს თვითმფრინავების ხელახალ აღჭურვაში. გარდა ამისა, მინსკს გადაეცა სარაკეტო სისტემა ისკანდერი. მისი თქმით, ასეთი ნაბიჯის მიზეზი გახდა დიდი ბრიტანეთის განცხადება, რომ უკრაინას ტანკებისთვის გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემდნენ.

გასულ კვირას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანაბელ გოლდიმ განაცხადა, რომ ლონდონი, Challenger 2-ის ტანკების გარდა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემს საბრძოლო მასალას, მათ შორის ჯავშანსატანკო ჭურვებს, რომლებიც გაღარიბებულ ურანს შეიცავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button