მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კრისტიან დანიელსონი თბილისში პოლიტიკურ მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძლებლად ჩამოვიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი თბილისშია. მან ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ევროკავშირის მედიაციის პროცესი უნდა გააგრძელოს.
დანიელსონმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის სამდღიანი მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება.

“მოხარული ვარ საქართველოში ვიზიტით. ვფიქრობ, მხარეებს შორის სამდღიანი მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება. ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შემიძლია”, – განაცხადა დანიელსონმა.
შვედი დიპლომატი ვიზიტის ფარგლებში ამ წუთებში პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. დანიელსონი ასევე შეხვდება პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს .

შეგახსნებთ,ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლობის ხელშესაწყობად ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა.

მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან.

1 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით, თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებით და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებით გამოწვეული კრიზისის განმუხტვისთვის ორივე მხარის მიერ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და დიალოგის გაგრძელება.

მსგავსი პოსტები

Back to top button