საქართველოსიახლეები

“კუბილიუსის თქმით, იგი ივანიშვილს პირადად შეხვდა”

მოძრაობა “სირცხვილია”-ს ლიდერი შოთა დიღმელაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის მიერ ევროპარლამენტის წევრ ანდრიუს კუბილიუსისადმი მიმართვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

“რამდენიმე თვის წინ მქონდა პატივი, პირადად შევხვედროდი ანდრიუს კუბილიუსს ევროპარლამენტში და ამასთან, სირცხვილია Shame Movement-ის და ფლანგვის დეტექტორის სახელით, საქართველოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მომხსენებელი გახლდით „დემოკრატიის ევროპული უზრუნველყოფის“ პანელზე, რომელიც ანდრიუს კუბილიუსმა გახსნა.

“ჩვენი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა იყო, ამიტომ მხოლოდ იმის თქმა იქნება ეთიკური, რაც ბატონმა კუბილიუსმა კონფერენციაზე საკუთარ გამოსვლაში საჯაროდ, დარბაზისა და მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით აღნიშნა.

“მან ღიად თქვა, რომ ევრონესტის თავმჯდომარის რანგში, ბიძინა ივანიშვილს პირადად შეხვდა. მას ესმოდა საზოგადოების აღშფოთება დაპირების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით და რაც მთავარია, პირადადაც გრძნობდა თავს მოტყუებულად, პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების შემდეგ.

“ამასთან, თქვა ქართული დელეგაციისთვის შემაშფოთებელი ამბავი, რომ საქართველო შეიძლება პირველი მაგალითი იყოს more for more and less for less მიდგომის ევროკავშირის მხრიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი აუცილებლად შენელდება, თუკი საქართველო ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს გადადგამს, რაც ჩვენთვის ხელისუფლებას არ მოუყოლია.

“ამავდროულად, კუბილიუსმა ისაუბრა მიზნობრივი სანქცირების ალბათობაზე და გაიხსენა, როგორ ცდილობდა საქართველოდან ჩასული დელეგაცია (რომლის წევრიც ბატონი თალაკვაძეც გახლდათ) იგი დაერწმუნებინა, რომ სასამართლო პოლიტიკური დევნისთვის არ გამოიყენებოდა. ამ მცდელობას მან ღიმილით უპასუხა, თქვა, რომ გუშინ არ დაბადებულა, ლიეტუვის პრემიერობაც მოასწრო და რომ საქართველოს ნებისმიერი მეგობრისთვის ბუნებრივად საეჭვოა სამართლის არაპოლიტიზირებულობა, „როდესაც არ მოიძებნება ქვეყანაში ოპოზიციური პარტია ან კრიტიკული ტელევიზია, რომელსაც სამართლებრივი პრობლემები არ შეექმნა“.

“ქართული ოცნების უტიფრობას უკვე მივეჩვიეთ. მათ შეუძლიათ პირუთვნელად ამტკიცონ, რომ პრეზიდენტი, რომლის საარჩევნო პლაკატებზეც თვითონ ეხატნენ – დამოუკიდებელია, ისევე როგორც სასამართლო და პროკურატურა და 8 მარტის შეთანხმებაში ის აბზაცი, რომელიც ამბობს, სასამართლო პოლიტიკური მიზნით არ უნდა გამოიყენებოდესო თურმე არა ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას მიემართება. და ოპოზიციასთან ერთად თურმე ახლა კუბილიუსი თხოვს მთავრობას დაიქვემდებაროს ეს გასაოცრად თავისუფალი ინსტიტუტები პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად – ეს თქვა დღეს თალაკვაძემ და ასეთი შეურაცხმყოფელი გამოხმაურება გამაოგნებელია, როგორ იკადრეს!

“ანდრიუს კუბილიუსი უბრალოდ „ევროპარლამენტარი“ არ არის. იგი გახლავთ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე. ევრონესტი არის საპარლამენტაშორისო ფორუმი, რომელიც ევროკავშირთან ჩვენი რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად. მისი თავმჯდომარის შეურაცხყოფით ქართული ოცნება ცდილობს, ქართველი ხალხის რეფერენდუმით განმტკიცებული ურყევი ნების, ევროინტეგრაციის გზაზე ახალი დაბრკოლებები გააჩინოს და ამ ყველაფერს დასავლური ინსტიტუტებისა და მათი თავისუფლების ერთგულების სახელით აკეთებს, ურთიერთგამომრიცხავი მესიჯებითა და ნაბიჯებით, რაც კრემლის კიდევ ერთი პოლიტტექნოლოგიური მეთოდია ტროლებთან და ბოტებთან ერთად.” – წერს შოთა დიღმელაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button