კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა.
„ენტონი ბლინკენს შევხვდი. შეხვედრაზე ხაზი გავუსვი, რომ როდესაც ვუყურებთ, როგორი სიხარულის ცრემლებით ეგებებიან ხერსონის მცხოვრებლები თავიანთ განმათავისუფლებლებს, ჩვენ მადლიერებას ვგრძნობთ აშშ-ისა და ამერიკელი ხალხის მიმართაც მათი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა კულებამ შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, მადლობა გადაუხადა აშშ-ს უკრაინისთვის მეტი თანამედროვე სამხედრო ტექნიკის გაგზავნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებისთვის.
გარდა ამისა თეთრმა სახლმა 12 ნოემბერს, უკრაინის ქალაქ ხერსონიდან რუსეთის ჯარის გასვლას უწოდა უკრაინისთვის „არაჩვეულებრივი გამარჯვება“.
„ჩანს, რომ უკრაინელებმა მოიპოვეს „არაჩვეულებრივი გამარჯვება“, როცა ერთადერთ რეგიონულ დედაქალაქში, რომელიც რუსეთმა დაიკავა ამ ომში, უკრაინის დროშა დაბრუნდება – ეს ერთობ ღირსშესანიშნავი რამ არის“, – უთხრა ჟურნალისტებს სახელმწიფო უშიშროების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ახლავს „ასეანის“ სამიტზე კამბოჯაში.
სალივანმა ეს განაცხადა რამდენიმე საათში მას მერე, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ცნობა, ხერსონი „ჩვენიაო“.
მანამდე უკრაინის სპეცდანიშნულების ჯარი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქში შევიდა რუსეთის არმიის უკან დახევის შემდეგ.
ხერსონი ერთადერთი საოლქო ცენტრი იყო უკრაინაში, რომელიც რუსეთმა დაიკავა ომის დაწყებიდან მალევე.