მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კარები ამოჭრეს

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხელისუფლებას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ქუთაისში მონპლაზირის თაღთან კომერციული ფართის გამოჭრა ყველანაირ საზღვრებს სცდება:

„ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისის ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილში, რომელიც ახალრეაბილიტირებულია და ტურისტებისათვის ერთ-ერთი პოპულარული ლოკაციაა. ხელისუფლებამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანა და სწორედ ამ ადგილზე გადაწყვიტა რაღაც ფარდულის გამოჭრა.

“ქუთაისის მერია ამბობს, რომ ეს საკითხი მისი კომპეტენცია არააა და ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გასცა. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ქუთაისელების პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებას არ ადარდებს. მათი საქმე მხოლოდ კორუფცია და ბიუჯეტის სახსრების საკუთარ კომფორტზე მორგებაა.” – აცხადებს გიგა შუშანია “პარალელთან”.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, აღნიშნული კარის გამოჭრა პროექტის გვერდის ავლით მოხდა.

„სანებართვე მოწმობა ჯერ ნანახი არ მაქვს და არ ვიცი, პროექტი ამ ტიპის სამუშაოების ჩატარებას თუ ითვალისწინებდა. ეჭვი გვაქვს, რომ ღიობის გამოჭრა პროექტის გვერდის ავლით მოხდა. ორშაბათს ჩვენი ზედამხედველობის სამსახური შეისწავლის, არის თუ არა ეს კანონდარღვევა.” – აღნიშნავს ბექა ბარამიძე.

ქუთაისიპოსტმა კი, გაარკვია, რომ მშენებლობაზე ნებართვა გაცემული აქვს როგორც ქუთაისის მერიას, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს. ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, კაფეს მშენებლობაზე მერიის ააიპ “არქიტექტურის სამსახური” იმ პირობით აცხადებს თანხმობას, თუ ადგილზე თემატური კაფე მოეწყობა. თუმცა, რა იგულისხმება ამაში, დოკუმენტში განმარტებული არ არის.

“ჩვენი პოზიცია საპროექტო მონაკვეთში, ესკიზში წარმოდგენილი ფუნქციის მქონე ობიექტის გაჩენის თაობაზე მისაღები იქნება, თუკი შენობაში განთავსდება თემატური კაფე.” – ნათქვამია დოკუმენტში.

რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, მის მიერ 2020 წლის 30 იანვარს გაცემულ ნებართვაში კაფე საერთოდ არ არის ნახსენები. დოკუმენტში საუბარია მხოლოდ ავტოსადგომის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

დოკუმენტში ვკითხულობთ:

“ქალაქ ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქ. Nო7-ში, მოქალაქე ლიანა ზვიადაძის საკუთრებაში არსებული
ავტოსადგომის (ს.კ. Nო 03.03.21.299.01/500, შენობა Nო 3) მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები
ჩრდილოეთის მხრიდან მოსაზღვრე კედელში შესასვლელი ღიობის მოწყობა”.

რისი მოწყობა იგეგმება ისტორიულ კედელთან, ავტოფარეხის მეპატრონე ამაზე არ საუბრობს.

“არაფერი არ შენდება. არაფერი არ იგეგმება. იქნება მხოლოდ ეს კარი, წინ არ გამოვწევთ არაფერს. რემონტს დავიწყებთ ახლა, გავალამაზებთ. ყველაფერი შეთანხმებული გვაქვს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან. ზუსტად იმ ზომებშია, რაზეც მოგვცეს ნებართვა. აბა ისე ვინ გაბედავდა ამის გაკეთებას.” – ამბობს ნინო ზვიადაძე.

კითხვებს არც ქუთაისის მერიაში პასუხობენ.

ვიდრე მონპლაზირის ტერიტორიაზე 9 აპრილის მემორიალს დადგამდნენ, წლების განმავლობაში მოქალაქეები სანთლებს აღნიშნულ კედელზე ამაგრებდნენ. მოგვიანებით იქ მემორიალი დაიდგა, თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ ცენტრალურ ბაღში გადაიტანეს. კედელზე კი, პროექტის “მოხატე ქალაქი დედაენით” ფარგლებში, სტენსილი განთავსდა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button