მნიშვნელოვანიმოზაიკა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც ხანძარმა დააზიანა

2019 წლის 15 აპრილი, ისტორიაში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრით შევიდა. 10 საათის განმავლობაში, მსოფლიო სუნთქვაშეკრული ელოდა, როდის მოხდებოდა ტაძრის შენობაში გაჩენილი ცეცხლის ლიკვიდაცია.

ხანძრის მასშტაბურობის მიუხედავად, მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით არ განვითარებულა. მეხანძრეებმა მოახერხეს ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურების თავიდან აცილება. ცეცხლმა გაანადგურა ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი შპილი. ხანძარი არ შეხებია ტაძრის წინა, დასავლეთ ნაწილში მდებარე მრგვალ სარკმელს – ვარდულს და ორ მთავარ კოშკს. ამასთან, გადარჩა ყველა რელიგიური არტეფაქტი, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ინახებოდა, მათ შორის, მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.

ფოტო:
AFP/Getty Images

ომსა და სტიქიურ უბედურებებს, არაერთი ისტორიული ნაგებობა და ქალაქი შეეწირა, თუმცა სტატიში გთავაზობთ ფაქტებს, როცა კულტურული მნიშვნელობის შენობები შემთხვევით გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა.

2018 წლის 2 სექტემბერს, ხანძარი გაჩნდა რიო დეჟანეიროში მდებარე, ეროვნულ მუზეუმში, რომელიც უძველესი სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების ნაგებობაა ბრაზილიაში.

ფოტო: theguardian

შენობა 1818 წელს ააგეს და თავდაპირველად პორტუგალიის სამეფო ოჯახის რეზიდენციას წარმოადგენდა. ხანძარმა მნიშვნელოვნად დააზიანა 200 წლიანი ისტორიის შენობა და მთლიანად გაანადგურა მუზეუმში განთავსებული 20 მილიონი იშვიათი ექსპონატი, მათ შორის: დინოზავრის ჩონჩხი და 12 ათასი წლის წინანდელი თავის ქალის ძვლის ნაწილები, რომელიც მეცნიერების თქმით, ამერიკის კონტინენტზე აღმოჩენილი ყველაზე ძველი ძვლოვანი სისტემა იყო.

ფოტო: history.com

2016 წლის 1 ნოემბერს, საქართველოში, ვარძიის სამონასტრო კომპლექსის ცენტრალურ, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ყველაზე მეტად, ტაძრის დასავლეთ კედელის ნაწილი და კამარა დაზიანდა, სადაც მაგიდაზე დადებული სასანთლიდან გაღვივდა ცეცხლი.

2007 წლიდან, ვარძიის მონასტერი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია.

ფოტო:
Valen1988/Wikmedia Commons

ხანძრის შედეგად, ტაძრის კედლის მოხატულობა, მათ შორის, თამარ მეფის გამოსახულება დაზიანდა. კედლის მოხატულობის აღდგენითი სამუშაოები სამ ეტაპად წარიმართა.

2003 წლის 18 იანვარს, ავსტრალიაში, ქალაქ კანბერასთან ახლოს მდებარე მაუნთ-სტრომლოს ობსერვატორია, ტყეში გაჩენილმა ხანძარმა მოიცვა. 1924 წელს აგებული შენობა ავსტრალიის უნივერსიტეტის ასტროლოგიისა და ასტროფიზიკის სამეცნიერო სკოლის საკუთრებას წარმოადგენს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შესულ ნაგებობას, ხანძრის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.  

ფოტო: Bonzle.com

1949 წლის 9 ივნისს, ხანძარი გაჩნდა თბილისში, არტისტული საზოგადოების (შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი) შენობაში, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს და უძველეს თეატრს წარმოადგენს.

,,არტისტული საზოგადოების” შენობას საძირკველი 1898 წლის 18 ნოემბერს ჩაეყარა. მასზე მუშაობა კი, 1901 წელს დასრულდა. ინტერიერში, გამოყენებულ იქნა გვიანდელი ბაროკოსა და როკოკოს ორნამენტიკა. 20–იან წლებში, შენობის სარდაფი, ,,ცისფერყანწელთა” კაფე-რესტორან ,,ქიმერონს ეკავა. ზედა სართულებზე კი, მაყურებელთა და საკონცერტო დარბაზები იყო განთავსებული. 1898 წელს მომხდარმა ხანძარმა შენობა გაანადგურა, ცეცხლს მხოლოდ ფასადი გადაურჩა, რომელიც რუსთაველის მოედანზე გამოდის. შენობის აღდგენა ერთ წელიწადში მოხერხდა.

1882 წელს, ხანძარი გაჩნდა სიდნეის გარდენ პალასში. შენობა, რომელიც სამეფო ბოტანიკური ბაღის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა, სიდნეის საერთაშორისო გამოფენისთვის აიგო სულ რაღაც 8 თვეში. ის 1879 წელს გაიხსნა, სამ წელიწადში კი, ხანძარმა მოიცვა, რა დროსაც, ადრეული, კოლონიალური ჩანაწერები განადგურდა.

ლონდონის ისტორიას, არაერთი ხანძარი ახსოვს. მე-11 საქუკუნეში გაჩენილმა ცეცხლმა, თითქმის მთელი ქალაქი გადაწყვა. ამის შემდეგ, უილიამ  I-ის მეფობისას გადაწყდა, რომ ლონდონში, წმინდა პავლეს სახელობის დიდი ტაძარი უნდა აგებულიყო. დაძრის მშენებლობა 1087 წელს დაიწყო და თითქმის 200 წელი გრძელდებოდა. პროცესში, 1135 წელს, კიდევ ერთი ხანძარი მოხდა, რის გამოც, მშენებლობა დროებით შეჩერდა. საბოლოოდ, შენობაზე მუშაობა 1314 წელს დასრულდა.

ცეცხლში გახვეული
წმინდა პავლეს სახელობის ტაძრის ნახატი

თუმცა 1666 წლის 2 სექტემბერს,  კიდევ ერთი მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომელიც ქალაქის ცენტრში, ოთხი დღის მანძილზე მძვინვარებდა. ცეცხლმა 13500 სახლი და 87 ეკლესია გაანადგურა, მათ შორის იყო წმინდა პავლეს ტაძარი. ტაძრის ძველი შენობის მაგივრად,  მე-17 საუკუნეში, წმინდა პავლეს ახალი ტაძარი აიგო, რომელიც დღეს, ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button