კუმისში 2 სახანძრო ვერტმფრენი მუშაობს
გარდაბნის რაიონის სოფელ ახალ კუმისში (კუმისის ტბასთან) ხანძრის ლოკალიზებაში სასაზღვრო ძალების ვერტმფრენები ჩაერთვნენ.
ამ წუთებში, კუმისში ორი სახანძრო ვერტმფრენი მუშაობს. დაზიანებულ ზონებზე მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდაციის პროცესი, სადაც ათეულობით სახლია განთავსებული.
კუმისელები ამბობენ, რომ სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა გამოძახებიდან მისვლა დაახლოებით 2 საათით და 30 წუთით დაიგვიანეს.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, დაშავებულები არ არიან. მანამდე კი საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა ცნობა, რომ კუმისში დაშავებული ქალბატონი მარნეულის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კუმისში მუშაობს 150 მდე მეხანძრე-მაშველი. ჯერ-ჯერობით უცნობია რა ფართია დამწვარი, თუმცა, ცნობილია ის რომ ზარალის რაოდენობა დიდია.
როგორც მაშველები აცხადებენ: “დამწვარია ათობით მიტოვებული სახლი. ათეული ჰექტარი მიწა, მათ შორის აგარაკების ეზოები და საცხოვრებელი სახლების ნაწილი. ”
ცეცხლის გაჩენის მიზეზები უცნობია.