კურსკის ოლქზე უკრაინული დრონებით შეტევა განხორციელდა
რუსეთში, კურსკის გუბერნატროი აცხადებს, რომ რეგინის ხუთ დასახლებას და საავადმყოფოს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება პარასკევს უკრაინის მიერ დრონებით თავდასხმის შედეგად. “ტელეგრამზე” გამოქვეყნებულ პოსტში გუბერნატორმა დაწერა, რომ რეგიონს “მასობრივად დაესხნენ” თავს უკრაინული დრონები.
გუბერნატორ რომან სტაროვოიტის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, „უკრაინულმა უპილოტომ“ ბელოვის რაიონში, ელექტროქვესადგურზე ჩამოაგდო ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა. გუბერნატორის თანახმად, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 5 დასახლებულ პუნქტს და საავადმყოფოს. სხვა შედეგებზე სტაროვოიტი არაფერს ამბობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით კურსკის ოლქში „გაანადგურეს 10 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“. თავდაცვის სამინისტრო შედეგების შესახებ არაფერს იუწყება და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ „აღკვეთა კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევა“.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ კურსკის ელექტროქვესადგურზე წარმატებული შეტევა მათი ორგანიზებული იყო და თუ რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს არ შეწყვეტს, უფრო მეტ დარტყმას მიიღებს. წყარომ „უკრაინსკა პრავდას“ მიაწოდა ვიდეომასალაც, რომელიც მისი ინფორმაციით, დრონებით შეტევას ასახავს. ბოლო ხანს კურსკის ოლქზე დრონებით შეტევა თითქმის ყოველდღე ხდება. 26 სექტემბერს ოლქის გუბერნატორმა სტაროვოიტმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენმა აპარატმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო კორენევის რაიონში მდებარე ელექტროქვესადგურზე და 7 დასახლებული პუნქტი ენერგომომარაგების გარეშე დარჩა.
რუსეთის კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება. უკრაინის ხელისუფლება დრონებით თავდასხმებზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.