კვლევა – საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მატებაა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/04/FFFFFFFFFF-1.jpg)
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საქართველოში, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის ეროვნული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, 16%-ში კი შედარებით მაღალი მატება აღინიშნება.
,,კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.
ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციების შესაბამისად, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს“, – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ შემდეგი ნაბიჯი ტყვიის ზემოქმედების წყაროების კვლევა უნდა იყოს.
უწყების ინფორმაციით, ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები 2-7 წლის 1578 ბავშვისგან შეგროვდა საქართველოს მასშტაბით. სინჯები კი იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში (ISS)
გაიგზავნა, რომელიც ევროპის წამყვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტს წარმოადგენს.