“სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების უმტესობამ რაკეტების არქონის გამო ვერ იმუშავა”

სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ”დელტას” ყოფილი ხელმძღვანელის, უჩა ძოძუაშვილის ინფორმაციით, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების უმტესობამ რაკეტების არქონის გამო ვერ იმუშავა.

ამის შესახებ ძოძუაშვილმა გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ ”დელტამ” რაკეტების წარმოებისთვის თანხა, თავდაცვის სამინისტროსგან პროცედურებისა და ვადების დაცვით მოითხოვა.

ძოძუაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ იყო საცეცხლე წერტილები, რომლებსაც არ გააჩნდათ რაკეტები, ასევე შეზღუდვა არსებობდა ”საქჰაერონავიგაციისგან”, რადგან საჰაერო ზონაში თვითმფრინავი იყო და იმ საცეცხლე წერტილებისთვის, რომლებიც რაკეტებით იყო აღჭურვილი, ცა შეზღუდული იყო.

სსტც ”დელტას” ყოფილი ხელმძღვანელი ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განმარტავს, რომ შარშან რაკეტების ნაწილის შესყიდვა მოხდა, ნაწილისთვის კი კომპონენტები იქნა შეძენილი, რათა საქართველოში წარმოება მომხდარიყო. ძოძუაშვილი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი წარმოება უფრო იაფი დაჯდებოდა.

”არსებობს ”თაიმლაინი”, რომლის მიხედვითაც მოვითხოვეთ თანხა სამინისტროსგან. ამ ”თაიმლაინის” მიხედვით, რაკეტები დამზადდებოდა 15 აპრილისთვის და სისტემაც სრულად იქნებოდა მზად. ეს თანხა არაერთხელ მოვითხოვეთ. ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა და დაველოდოთ შედეგებს. მხოლოდ ამის შემდეგ გესაუბრებით დეტალებზე. საქართველოში ერთი რაკეტის წარმოება 150 ლარი დამიჯდებოდა, რაც რამდეჯერმე უფრო იაფია, ვიდრე მისი სხვა ქვეყნიდან ჩამოტანა. როცა არ ხდება თანხის დროული გამოყოფა, შესაბამისად არ ხდება რაკეტების დროული წარმოება. მარტივი მათემატიკაა: 0 ლარს + 0 რაკეტა=მილიონის ზარალს”, – განაცხადა ძოძუაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button