ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით უკრაინასთან EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს დაიწყება
უკრაინამ ყველაფერი შეასრულა ევროკავშირში წევრობის მოლაპარაკებების გახსნისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბერლინში მიმდინარე უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ამ თვის ბოლოს დაიწყება.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინამ შეასრულა რეფორმებთან დაკავშირებული ყველა საჭირო მოთხოვნა, რაც მას ბლოკში გაწევრიანების საშუალებას აძლევს.
“უკრაინამ შეასრულა ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები ამ თვის ბოლომდე უნდა დაიწყოს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს, ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას რეკომენდაცია გაუწია.
უკრაინამ ყველაფერი შეასრულა ევროკავშირში წევრობის მოლაპარაკებების გახსნისთვის, ივნისში უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, მსოფლიო ლიდერებთან ერთად გამართულ, უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისას განაცხადა.
ზელენსკის განცხადებით, შეუძლებელია ევროპის გატეხა ზეწოლით, ხელოვნური სკეპტიციზმით ან რაიმე მანიპულაციებით.
“იმის მიუხედავად, თუ როგორ იცვლება ევროპაში პოლიტიკური განწყობები, ფაქტია, რომ ევროკავშირი უკლებლივ ყველა ევროპელს სჭირდება. ყველა ეროვნებას, რომელიც საერთო ღირებულებებს იზიარებს და ერთმანეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრება სურს. უკრაინელები ასეთი ხალხია. ისეთი როგორებიც არიან ჩვენი მეზობელი მოლდოველები, როგორიც ქართველი ხალხი. ბალკანეთისა და სხვა ქვეყნების ხალხი, ვინც პატივს სცემს ევროპასა და კანონის უზენაესობას. აუცილებლად მოვა თავისუფალი და ევროპული ბელარუსის დროც.
უკრაინამ ყველაფერი შეასრულა ევროკავშირში წევრობის მოლაპარაკებების გახსნისთვის. ივნისში უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ეს იმის მტკიცებულებაა, რომ შეუძლებელია ევროპის გატეხა ზეწოლით, ხელოვნური სკეპტიციზმით ან რაიმე მანიპულაციებით,” – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.