ლაგოდეხელები გასხვისებული შენობების დაბრუნებას ითხოვენ
ლაგოდეხის მოსახლეობის ნაწილი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ჯანდაცვის მინისტრს დახმარების თხოვნით მიმართავს.
მოსახლეობა ერთობლივ განცხადებაში ქვეყნის მთავრობას უკვე გასხვისებული ძველი საავადმყოფოს შენობა -ნაგებობების დაბრუნებას და მუნიციპალიტეტისთვის გადაცემას სთხოვს.
წერილს, რომელსაც 300-მდე ადამიანი აწერს ხელს, ადრასატებს 4 მაისს გაეგზავნა.
შეგახსენებთ , რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ლაგოდეხში მდებარე ძველი საავადმყოფოს შენობები 203 ათას ლარად გაასხვისა. უწყებამ ელექტრონული აუქციონის წესით – ძველი სამშობიაროს, პოლიკლინიკისა და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კერძო მესაკუთრეს, მანანა გოგაშვილს გადასცა.
გოგაშვილი გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დირექტორია. ეს სამსახური ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. უწყება წელიწადში 90 ათასამდე ლარს იღებს.
ეკონომიკის სამინისტრომ საავადმყოფოების ახალ მესაკუთრეს საპრივატიზებო პირობად ობიექტის სამედიცინო პროფილით ფუნქციონირებისთვის სავალდებულო ვადად 7 წელი განუსაზღვრა. ეკონომიკის სამინისტრომ შენობა 7 აპრილს გაასხვისა.