რეგიონი

ლაგოდეხელმა მარტოხელა დედამ, სოლიდარობის ნიშნად, უკრაინის პრეზიდენტის პორტრეტი დახატა

უსახსრობით საღებავებს ვერ ვყიდულობ, ამიტომ ფანქრით ვხატავ-ლაგოდეხელმა მარტოხელა დედამ, სოლიდარობის ნიშნად, უკრაინის პრეზიდენტის პორტრეტი დახატა.

სოფელ ყარსუბნაში მცხოვრებმა მრავალშვილიანმა 30 წლის ნელიკო ლუხოშვილმა, საღებავების უქონლობის გამო, ზელენსკის პორტრეტი ფანქრით შეასრულა.

ოთხი არასრულწლოვანის დედა, ხანძრის შედეგად საცხოვრებელ სახლის განადგურების შემდეგ, შვილებთან ერთად ქირით ცხოვრობს.

ნელიკო ლუხოშვილი ამბობს, რომ ხელმოკლე ყოფის გამო, უკრაინელი ხალხის მიმართ ჰუმანიტარული მხარდაჭერის გამოხატვას, ვერაფერით ახერხებს, ამიტომ საკუთარი უნარი სოლიდარობისთვის გამოიყენა.

” თვითნასწავლი ვარ, სპეციალური განათლება არ მიმიღია. ახლა უკრაინაში მიმდინარე ომს და ბავშვების ხოცვა-ჟლეტას რომ ვუყურებ, უკიდურესად მიმძიმს. სამწუხაროდ, 2021 წელს, სახლის გადაწვის შემდეგ, აღარაფერი დამრჩა. მეც მძიმე დამწვრობა მივიღე და კარგად ჩანს ვმკურნალობდი. ახლა ჩვენც სხვები გვეხმარებიან და ვერაფრით ვახერხებ ამ ხალხის მხარდაჭერას. ისე მიჭირს, საღებავიც არ მაქვს, ამიტომ ფანქრით დავხატე, უკრაინის პრეზიდენტის პოტრეტი. უკრაინელი ხალხი გმირია და სხვაგვარი პრეზიდენტი ვერ ეყოლება“- ამბობს ლუხოშვილი.

თვითნასწავლი მხატვრის ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი უკვე აქვს. დამწვარი სახლი, სოფელ ვარდიუსბანში, რომელიც ყოფილმა მეუღლემ ოთხ შვილს ფარულად გაუყიდა, ახალმა მფლობელმა საჩუქრის სახით, მრავალშვილიან დედას უკან დაუბრუნა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და კეთილი ადამიანების დახმარებით, ნელიკო ლუხოშვილი სახლის აღდგენას გეგმავს.

” სულ ხალხი გვეხმარება. მერიამაც გარკვეული თანხა ჩაგვირიცხა. იმ ადამიანმა, ვისაც ჩემმა ყოფილმა მეუღლემ, ფარულად სახლი მიჰყიდა, მე და ჩემს შვილებს, დამწვარი შენობა უკან გვაჩუქა. ახლა გოგონები აპირებენ, საღებავებითა და საჭირო ნივთებით დამეხმარნენ. ყველაფერი, მოლბერტიც კი, იმ სახლში დაიწვა. იმედი მაქვს უკრაინა გაიმარჯვებს, ეს საშინელება მალე დასრულდება და ყველა ბავშვს მსოფლიოში, მშვიდობიანი ცა ექნება”- ამბობს ლუხოშვილი.

თვითნასწავლი მხატვრისთვის საღებავებისა და ხატვისათვის საჭირო ნივთების შესაძენად, ლაგოდეხელი ახალგაზრდების ჯგუფი გაერთიანდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button