მნიშვნელოვანისიახლეები

ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან უკანონოდ დაკავებული გიორგი მეგრელიშვილი გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 14 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი მეგრელიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, მეგრელიშვილი ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. იგი სოფელ ქვემო ხვითისა და ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოკუპაციის ხაზთან, 14 მაისს დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

“გიორგი მეგრელიშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც ცხელი ხაზის მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”- ნათქვამია განცხადებაში.

მეგრელიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ნიქოზის მიმდებარედ გუშინ, 14 მაისს დააკავეს. ოჯახმა ინფორმაცია სამართალდამცველებისგან გაიგო, მათთვის უცნობია, რა ვითარებაში დააკავეს მეგრელიშვილი.

ოჯახი მთავრობას დახმარებას სთხოვს.

“არაფერი ვიცი, ოჯახიდან გავიდა, გამოვხედე სად მიდიხარ-მეთქი და დედა, 10 წუთში აქ ვარო. ვთხოვთ მთავრობას დაგვეხმაროს, გაურკვევლობაში ვართ, მაგრამ რა ვქნათ. დაგვეხმარეთ, რომ გამოუშვან ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს 14 და 8 წლის, სოციალურად დაუცველები არიან”, – თქვა გიორგი მეგრელიშვილის დედამ, მარინა მეგრელიშვილი.

სუსის განცხადებაში ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორსა და ციხეში ამჟამად საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება. უმრავლესობა სასჯელს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით იხდის.

მსგავსი პოსტები

Back to top button