მნიშვნელოვანისაქართველო

აშშ-მ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი აქტი.

დემოკრატი კონგრესმენის, ჯერი კონოლის და რესპუბლიკელი ადამ კინზინგერის მიერ ინიცირებული დოკუმენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე, ორპარტიულ მხადრაჭერას, გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

წარმომადგენელთა პალატაში მიღებული კანონპროექტის, „საქართველოს მხარდაჭერის აქტის“ მიზანია საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

დოკუმენტის თანახმად, შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარების მხარდაჭერაა, რაც მოიცავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, საჯარო სექტორის გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობას და ანტიკორუფციულ ძალისხმევას. კონგრესი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ მისწრაფებებს.
დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის პოლიტიკაა, არ აღიაროს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის გამოყენებით ტერიტორიული ცვლილება, მათ შორის, არაკანონიერი შეჭრა და საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. ასევე, ამერიკის პოლიტიკაა დაგმოს მიმდინარე დაკავებები, გატაცებები და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევები, რომლებიც ჩადენილია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობა.

საქართველოს მხარდაჭერის აქტი აშშ-ის პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს ყველას, ვინც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევასა და საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილეობს.

ორპარტიულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს შეერთებული შტატების კონგრესმა საქართველოს უსაფრთხოების მიმართულებით გამოუყო 37 200 000 დოლარი გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ნატოს ასპირანტია და მსოფლიოს უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი შეაქვს. კონგრესი საქართველოსთვის ამერიკის დახმარების გაზრდას ითხოვს.

დოკუმენტში საუბარია საქართველოს დახმარებაზეც კიბერუსაფრთხოების სფეროში.

ინფორმაციის წყარო: რადიო თავისუფლება

მსგავსი პოსტები

Back to top button