რეგიონისაქართველოსიახლეები

ლაგოდეხის ახალგაზრდულმა ცენტრმა მაკულატურის შეგროვების მასშტაბური კამპანია დაიწყო

#არმოჭრახე – ამ სლოგანით ,,ლაგოდეხის ახალგაზრდულმა ცენტრმა“ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მაკულატურის შეგროვების კამპანია დაიწყო.

ცენტრის წარმომადგენლების თქმით, მაკულატურის შეგროვების პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა თემში მცხოვრები ათობით ახალგაზრდა.

ახალგაზრდული ცენტრის ბორდის წევრის, დავით ჩალათაშვილის განმარტებით, ერთი ტონა მაკულატურა უდრის 7 გადარჩენილ ხეს, რაც მისი თქმით, ხელს უწყობს ეკოლოგიური ზიანის შემცირებას, მითუფრო ისეთ მწვანე მხარეში, როგორიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტია.

ახალგაზრდული ცენტრი მაკულატურის ჩაბარებისგან მიღებულ თანხას ორგანიზაციის განვითარებას და ახალგაზრდულ საჭიროებებს მოახმარს.

,,დღეს 500 კ.გ მაკულატურა ჩავაბარეთ, საიდანაც 50 ლარი მივიღეთ, უახლოეს ხანში ვგეგმავთ დამატებით მარაგების ჩაბარებას და პროექტორის შეძენას, რომელსაც ტრენინგების და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებისთვის გამოვიყენებთ – ამბობს დავით ჩალათაშვილი.

მაკულატურის მიტანა მოქალაქეებს შეუძლიათ თავიანთ თემში არსებულ ადმინისტრაციულ შენობებში, ლაგოდეხის შემთხვევაში კი – კოლეჯ ,,აისში”

ლაგოდეხის ახალგაზრდული ცენტრი ექვსი თვის წინ ადგილობრივმა ახალგაზრდებმა დააფუძნეს. ცენტრი ოთხი მიმართულებით, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, გარემოს დაცვის და ჯანსაღი ცხოვრების საკითხებზე მუშაობს.

ლაგოდეხის ახალგაზრდულ ცენტრს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 100 – მდე წევრი ჰყავს, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა პროექტსა თუ აქტივობებში.

ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ცენტრი ახორციელებს პროექტს ,,ლაგოდეხის ახალგაზრდული პლატფორმა ჩართულობისთვის” – რომლის მიზანსაც ლაგოდეხელი ახალგაზრდების გააქტიურება და მათი თვითმმართველობის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა წარმოადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button