ლაგოდეხის გამგებელი “ჰერეთის” საინფორმაციო პოლიტიკაში უხეშად ერევა
“ლაგოდეხის გამგებელი კახა ჯამბურია რადიო ჰერეთის საინფორმაციო პოლიტიკაში უხეშად ერევა, ურეკავს ჩემს თანამშრომლებს და მეც „მეგობრული რჩევებით“ და გვირჩევს საქმეს კონკრეტულ ინფორმაციასთან დაკავშირებით რაც არ მოსწონს”, – ამის შესახებ რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელმა „ჰერეთის“ პირდაპირ ეთერში თოქ-შოუში „თავისუფალი დრო“ ჩართვისას განაცხადა. სადაც მანამდე ლაგოდეხის მუნიცილიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ პრეტენზიები გამოთქვა „ჰერეთის“ ერთ-ერთი ბლოგერის მუშაობასთან დაკავშირებით.
რამაზ სამხარაძემ განმარტა, რომ „ჰერეთი“ ახორციელებს პრექტს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით, რომელიც ითვალისწინებს კახეთის რეგიონის თვითმმართველობებსა თუ მუნიციპალიტეტებში აქტიური მოქალაქეების ჩართუობას და ამ მიმართულებით რადიო „ჰერეთის“ ეთერში რადიობლოგების მომზადებას.
„ჰერეთის ბლოგერები არიან თავისუფალი, უპარტიო, აქტიური მოქალაქეები და მათ აზრის გამოხატვის საშუალებას ვერც მე და ვერც თქვენ შეუზღუდავთ ბატონო კახა, მით უფრო ისინი აქტიურად ესწრებიან საკრებულოებისა და გამგეობის სხდომებს და ატარებენ ერთგვარ მონიტორინგს. ვინ ვის და თქვენ კარგად უნდა გესმოდეთ ეს, იმიტომ რომ ხელისუფლებაში არასამთავრობო სექტორიდან მოხვედით“, – განაცხადა ღია ეთერში რადიოს დამფუძნებელმა.
გამგებელმა ასევე აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს „ჰერეთი“ არ აშუქებდა ნეპოტიზმის თემებს, რაზეც რამაზ სამხარაძემ უპასუხა, რომ მას თუ არა, მსმენელს კარგად ახსოვს ყოფილი პარლამენტარის დავით კაპანაძის გავლენები და ბიზნესინტერესები, მისი ძმის ინტერესები ლაგოდეხის თამბაქოს ყოფილ საფერმენტაციო ქარხანასთან მიმართებაში, მისი სიმამრის ახლანდელი პარლამენტის დეპუტატის გიორგი გოზალიშვილის იმ პერიოდში პრივილეგირებულ მდგომარეობებზე რადიო ჰერეთს აქტიური რეპორტაჟები და ჟურნალისტური გამოძიებები ა ქვს მომზადებული, რომელსაც ჟურნალისტებზე შანტაჟი, მუქარა და თავდასხმები მოჰყვა.
ლაგოდეხის გამგებლის გაღიზიანება გადაცემის წამყვანის კითხვამ გამოიწვია, რაიონში ნეპოტიზმის ნიშნებთან დაკავშრებით, რაზეც გამგებელმა ჰერეთი პირდაპირ ეთერში დაადანაშაულა, რომ არ აშუქებდა მსგავს თემებს წინა ხელისუფლების პირობებში. „ჩვენ ვსვამთ იმ კითხვებს რაც ოპონენტებს და საზოგადოებას აინტერესებს“ განაცხადა გადაცემის წამყვანმა.
ლაგოდეხის გამგებლის მეუღლე ამჟამად რაიონის ერთ-ერთი აიპის – ბაღების გაერთიანების თანამშრომელია, გამგებლის მოადგილე ჯამბურიას უახლოესი მეგობარი გიორგი ბოკერიაა, კიდევ ერთი მეგობარი ალექსი ჭანკოტაძე კი გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსია. თავად გამგებელი კი ვიცეპრემიერის კახა კალაძის ნათესავია.
რამაზ სამხარაძემ ღია ეთერში მოუწოდა გამგებელს, თუ ჰერეთის ბლოგერის ან სხვა თემა არასწორად და დეზინფორმაციად მიაჩნდა გაეკეთებინა ამის შესახებ საჯარო განცხადებები ან მიემართა სასამართლოსთვის და თავი შეეკავებინა ჟურნალისტებთან და მასთან პრივატულ ზარებზე.
მოგვიანებით, ჰერეთის დამფუძნებელმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში განცხადებაც გაავრცელა:
„ვაცხადებ საჯაროდ, რომ ლაგოდეხის გამგებელი, ბატონი კახა ჯამბურია, უხეშად ერევა რადიო “ჰერეთის” საინფორმაციო პოლიტიკაში. უთითებს ჩემს თანამშრომლებს, ბლოგერებს როგორი მიმართულებით იმუშაონ ჟურნალისტებმა. ურეკავს ჩემს თანამშრომლებს და პირადად მეც. მისი მხრდან უკვე რამდენჯერმე იყო ჩემს პირად მობილურზე ზარი “მეგობრული რჩევებით”. სამწუხარო ის არის, რომ ბატონი ჯამბურია სამოქალაქო სექტორიდან მოვიდა ხელისუფლებაში და საკმაოდ კარგად იცნობს მედიის როლს, მით უფრო ჰერეთის მუშაობის პრინციპებს. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებისა და ყველა სხვა დაინტერესებულ სტრუქტურებს, პატივი სცენ ბოლო წლების მონაპოვარს – სიტყვის თავისუფლებას და დამოუკიდებელი მედიის პრინციპებს. ბატონ კახას კი შევახსენებ, რომ ის არის საჯარო მოხელე და აქვს თმენის ვალდებულება“.
კახა ჯამბურია_რამაზ სამხარაძე – ხმა
ამ თემაზე ვრცლად მოუსმინეთ გადაცემას: თოქ-შოუ “თავისუფალი დრო” – 14,08,2015