“ლაგოდეხის გამგეობა და საკრებულო ორგანულ კანონს არღვევს”

“ლაგოდეხის გამგეობა და საკრებულო მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციას ხშირად არ ათავსებს, ხოლო ის დოკუმენტები რაც გამოქვეყნებულია, დიდი ნაწილი არასრულყოფილად და ქაოსურადაა გათავსებული ვებ-საიტზე“, – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” არასამთავრობო ორგანიზაცია მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა კოკა კიღურაძემ განუცხადა.
ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული 4 თვიანი მოკვლევის შედეგად ასევე ცნობილი ხდება, რომ ლაგოდეხში თვითმმართველობის ორგანოები მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე არ ათავსებენ ინფორმაციას სარგოებზე, პრემიებსა და დანამატებზე, ასევე ადმინისტრაციულ ხარჯებზე.
გარდა ამისა, “საერთოდ არ ქვეყნდება საკრებულოს და კომისიის სხდომის ოქმები. არაეფექტურია საკრებულოს და კომისიის სხდომების შესახებ წინასწარ შეტყობინების მექანიზმი. ირღვევა ორგანული კანონი ინფორმაციის გამოქვეყნების ნაწილში.
საიტზე არა არის გამოქვეყნებული მუნიციპალიტეტის უმთავრესი დოკუმენტი, ბიუჯეტი. მოქალაქეებს ხელი არ მიუწვდებათ მათ მიერ პირდაპირი წესით არჩეული გამგებლის ანგარიშებზე, ასევე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის“ კვლევაში.
ისინი გამგეობას და საკრებულოს რეკომენდაციებს აძლევენ, ეს პრობლემები როგორ უნდა აღმოფხვრან.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი კოკა კიღურაძე ამბობს, თვითმმართველობა პრობლემას აღიარებს და მის აღმოსაფხვრელად მზად არის.
კოკა კიღურაძე_ხმა ►