მნიშვნელოვანისიახლეები

ოცნების თქმით სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტი საბოლოოდ წარსულს ჩაბარდება

ქართული ოცნების პოლიტიკურმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი ირწმუნებიან, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს, ავტორიტეტი საბოლოოდ წარსულს ჩაბარდება.

ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ “დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ დიფ სთეითმა დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა”.
განცხადების თანახმად, სანქციებით ემუქრებიან საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, რომელმაც საქართველო ავტორიტარული მმართველობისგან დაიხსნა, ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა.

“როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში თოთხმეტმა დეპუტატმა შეიტანა ინიციატივა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ. ამ ინიციატივას წინ უსწრებდა დიდი ბრიტანეთის მიერ ვახტანგ გომელაურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების სანქცირება.

ქართულ საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ისტორიულად, დიდი ბრიტანეთი ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც ძლიერი, სუვერენული და პროგრესული სახელმწიფო, რომლის წიაღშიც განვითარდა სამართლის უზენაესობის იდეა და ადამიანის ძირითადი უფლებები. სწორედ ინგლისში წარმოიშვა საპროცესო ძირითადი უფლებები და კონკრეტულად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის თანახმად ადამიანისთვის სანქციის შეფარდებამდე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი სათანადო მოსმენა და უტყუარი მტკიცებულებებით სანქციის გამყარება. გამაოგნებელია, რომ ის, რაც ინგლისში ჯერ კიდევ მე-13 და მე-17 საუკუნეებში გაიაზრეს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 21-ე საუკუნეში სრულად დაივიწყა და ფეხქვეშ გათელა”, – ამტკიცებს ქართული ოცნება.

პოლიტსაბჭო ამტკიცებს, რომ შემაშფოთებელია დიდი ბრიტანეთი დიფ სთეითმა, იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, სათამაშოდ აქციოს.

“ყველას გვახსოვს ხუთი უსამართლო და სამარცხვინო, ანტიქართული რეზოლუცია, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის დასჯას და კრიმინალების განთავისუფლებას ითხოვდა. ყველას გვახსოვს უსამართლო და სამარცხვინო უკრაინული სანქციები ქართველი პოლიტიკოსების, საჯარო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომელიც არავითარი ფაქტით და მტკიცებულებით არ იყო გამყარებული. ყველას გვახსოვს ლიეტუვისა და ესტონეთის ანტიქართული გადაწყვეტილება ქართველი პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების შეფარდების თაობაზე, რომელიც, ასევე, არავითარ ფაქტებს და მტკიცებულებებს არ ემყარებოდა. უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, დღეს, დიფ სთეითმა იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი.

დღეს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სანქციებით ემუქრებიან საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, რომელმაც საქართველო ავტორიტარული მმართველობისგან დაიხსნა, ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, საქართველოში ადამიანების მკვლელობისა და წამების, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცებისა და არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა შეუნარჩუნა და ეკონომიკა გაუსამმაგა.

დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ დიფ სთეითმა დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს.

სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს, ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. თუმცა, იმ ფონზე, რომ დიფ სთეითმა ანუ გლობალურმა ომის პარტიამ, არაერთი სახელმწიფო ფიზიკური განადგურებისთვის გაწირა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოებრივ-მორალური განადგურება და დაკნინება ბევრად ნაკლებად ტრაგიკული მოვლენაა”, – ირწმუნება ოცნება.

სანქციები ბრიტანეთისგან
2024 წლის 19 დეკემბერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს.

ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციებს უწესებენ, რადგან ისინი პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.

სანქცირებული არიან:

ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი;
ალექსანდრე დარახველიძე – შსს-ის მინისტრის პირველი მოადგილე;
სულხან თამაზაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
მილერი ლაგაზაური – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე.
ზვიად ხარაზიშვილსა და მილერი ლაგაზაურს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტისგან 2024 წლის 16 სექტემბრის შემდეგ ჰქონდათ სანქციები დაწესებული „მაგნიტსკის აქტზე“ დაყრდნობით.

19 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ სანქციები წესდება „შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული ქმედებით“.

სანქციები, საგარეო უწყების განმარტებით, გულისხმობს მოგზაურობის აკრძალვას ბრიტანეთში და უძრავი ქონების გაყინვას, – რაც „მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს“.
ბრიტანელი დეპუტატი, ჯეიმს მაკლირი გაერთიანებულ სამეფოს მოუწოდებს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს.

დეპუტატმა უკვე დააყენა შუამდგომლობა, რომლითაც ბრიტანეთის პარლამენტს მიმართა:

“პალატა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო; გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიის შელახვისა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში; აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები ივანიშვილზე და მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, იგივე გააკეთოს დემოკრატიული უკანდახევის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დემონსტრირებისთვის; მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას საქართველოსთან და უფრო მჭიდრო კოორდინაციას ევროკავშირის პარტნიორებთან რუსეთის ჩარევის დასაპირისპირებლად; და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას”, – წერს დეპუტატი.

მაკლერის თქმით, ამ დოკუმენტს ხელს სხვა დეპუტატებიც მოაწერენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button