ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შაიშმელაშვილის ძმის სამსახურიდან დათხოვნის პოლიტიკურ მოტივს უარყოფს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შაიშმელაშვილის ძმის სამსახურიდან დათხოვნის პოლიტიკურ მოტივს უარყოფს.
საკრებულოს თავმჯდომარემ რადიო ჰერეთთან საუბარში, გდდ- ის მაღალჩინოსნის ძმის, ბახვა შაიშმელაშვილის სამსახურიდან დათხოვის ფაქტი თავდაპირველად უარყო, თუმცა დაადასტურა, რომ შაიშმელაშვილთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და ახალი არ გაუფორმებია.
” ჯერ არ გაგვიწყვეტია ხელშეკრულება. ბახვა ჩვენთან მუშაობდა იმისათვის, რომ საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირება უნდა მოგვეხდინა და ამ საკითხზე ევროკავშირის დაფინასებულ დონორ ორგანიზაციებთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება. მათ ჩვენთვის ტექნიკა უნდა გადმოეცათ. ბახვას ხელშეკრულების ვადა გაუვიდა და დონორების პასუხზეა დამოკიდებული, გაფორმდება თუ არა, ახალი. ბახვასთან, როგორც თანამშრომელთან, ამ ხნის განმავლობაში პრეტენზია არ მქონია და ეს ყველაფერი, ნამდვილად არ უკავშირდება მის ძმას,.ბახვას თავისი ოჯახი აქვს და ირაკლის თავისი”_ განაცხადა ჯამბურიამ.
ბახვა შაიშმელაშვილი წლების განმავლობაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპერატორად მუშაობდა.
ირაკლი შაიშმელაშვილის ძმა ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარემ სამსახურიდან გაანთავისუფლა
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, დღეს კახა ჯამბურიამ შაიშმელაშვილი დაიბარა და განუცხადა, რომ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და ახალს ვეღარ გაუფორმებდა.
2024 წლის დეკემბერში, წლების მუშაობის შემდეგ შაიშმელაშვილს ერთთვიანი ხელშეკრულება გაუფორმეს, რომელსაც ვადა დღეს ამოეწურა.
გდდ- ს ოპერატიული დაგეგმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა სამსახური თბილისში მიმდინარე აქციების დარბევის დროს დატოვა, ხელისუფლება ამხილა და უცხოეთში გაემგზავრა.