უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.
ნიკა გვარამიას განცხადებით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები დაადასტურა და ახლა მხოლოდ ბრალდებულების გამოვლენაა დარჩენილი.
“ადამიანის კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველსაყოფად და ასევე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მივედით დასკვნამდე, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნეს დაზარალებულად აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში“, – გვარამიამ თქვა, რომ ეს სიტყვები წერია მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში.
სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, უკრაინის გენერალურ პროკურატურაში გამოძიება წამებისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საქმეებზე მიმდინარეობს. სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესაძლო შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია საქართველოშიც, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში.
ინსპექტორის სამსახური იძიებს:
N18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის გადაყვანისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შესაძლო შემთხვევას;
სამხედრო ჰოსპიტლიდან N12 დაწესებულებაში გადაყვანის დროს მაჯის საათის ჩამორთმევის დროს მომხდარ ინციდენტს.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.
ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი უკრაინის პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობას ეხმაურება.
როგორც ის Facebook-ზე წერს, მნიშვნელოვანი მტკიცებულება ცენტრ “ემპათიას” დასკვნა იყო, სადაც საუბარია არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე.
ორგანიზაციის დამფუძნებელი ფიქრობს, რომ ახლა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, უკრაინის პროკურატურას ვიდეო მტკიცებულებები უნდა მიაწოდოს, სადაც კარგად ჩანს, როგორ იძალადეს გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილზე.
“უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილი დაზარალებულად სცნო, მნიშვნელოვანი მტკიცებულება ცენტრი “ემპათია”-ს დასკვნა იყო, ვულოცავ ადვოკატებს. ახლა საჭიროა მომდევნო ნაბიჯი, რასაც ვგეგმავთ. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვან გზას აჩვენებს. ვფიქრობ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, უკრაინის პროკურატურას მასალები უნდა მიაწოდოს”, – წერს მარიამ ჯიშკარიანი
ამასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ევგენი გრუშოვეცის თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი უკვე დაზარალებულად ცნო, გამოძიება დაიწყება და ბრალი წარედგინებათ იმ სამართალდამცველებს, რომლებიც წამებაში მონაწილეობდნენ.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გამოძიების ეფექტურობა ნაწილობრივ იმაზეც იქნება დამოკიდებული, მოინდომებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება უკრაინულ მხარეს საჭირო დოკუმენტაცია მიაწოდოს.
“ეს არის კანონიერი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ უკრაინის ხელისუფლება და მათ შორის პროკურატურა, მიხეილ სააკაშვილს დაზარალებულად მიიჩნევს. რა თქმა უნდა, დაიწყება გამოძიება იმ სამართალდამცავი პირების მიმართ, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიმართ განახორციელეს წამება.
[…] ვიმედოვნებთ, ეს გამოძიება გამოიღებს შედეგს იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა. გამოძიების შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზეც, თუ რამდენად მოინდომებს საქართველოს ხელისუფლება მოგვაწოდოს საჭირო დოკუმენტები. უკრაინის ხელისუფლებას აქვს საშუალება, დაადგინოს პირები, რომლებსაც ბრალი მიუძღვით. მათ ბრალი წარედგინებათ და შესაძლოა, ამ პირებზე ძებნაც გამოცხადდეს, მათ შორის, ინტერპოლითაც”, – თქვა ევგენი გრუშოვეცმა.