მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის მხრიდან დროებითი ზავი თვალთმაქცობაა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი გამოეხმაურა კრემლის მოწოდებას, რომ უკრაინამ შეწყვიტოს ცეცხლი ერთი დღით, რათა საბრძოლო მოქმედებებში მცხოვრებ მართლმადიდებელ მოქალაქეებს საშობაოდ დღესასწაულზე ეკლესიებში მისვლა უსაფრთხოდ შეეძლოთ.

მიხაილ პოდოლიაკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები და მხოლოდ მაშინ დაიწყება „დროებითი ზავი“.

მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან დროებითი ზავი თვალთმაქცობაა. „თვალთმაქცობა თქვენთვის დაიტოვეთ“, – წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6 იანვრის 12:00 საათიდან ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის განკარგულება გასცა. კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი საშობაოდ, 7 იანვრის 24 :00 საათამდე იმოქმედებს. მოსკოვმა მოუწოდა კიევს, ამ პერიოდში ასევე შეწყვიტოს ცეცხლი.

რუსული მართლმადიდებლური ეკლესია არ არის გლობალური მართლმადიდებლობის ავტორიტეტი და მოქმედებს როგორც „ომის პროპაგანდისტი“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ რუსეთს უკრაინელების გენოციდისკენ მოუწოდა, წაახალისა მასობრივი მკვლელობები და დაჟინებით მოითხოვს რუსეთის ფედერაციის კიდევ უფრო დიდ მილიტარიზაციას. ამრიგად, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადება „საშობაო ზავის“ შესახებ ცინიკური ხაფანგი და პროპაგანდის ელემენტია“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი საშობაო ზავის გამოცხადების ინიციატივით გამოდის და რუსეთ-უკრაინის ომის მხარეებს, 6 იანვრის 12:00 საათიდან, 7 იანვრის 24:00 საათამდე ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
უკრაინის და მისი რელიგიური კონფესიების ლიდერებს კირილეს წინადადებაზე სხვა კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button