მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სომხეთ-აზერბაიჯანი ომის ზღვარზე

რუსული არმია ისევ დარტყმის ქვეშაა, მაგრამ ამჯერად უკვე ყარაბაღში. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გეღარქუნიქის ოლქში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ძალების განლაგების პუნქტს საარტილერიო დარტყმა მიაყენა, – ინფორმაციას სომხური მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს თავდასხმის შედეგად დაზიანებული რუსი მესაზღვრეების შენობა და ავტომობილი.
დამოუკიდებელი წყაროები ავრცელებენ ორ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას გადაღებულ კადრებს, რომლებშიც განადგურებული რუსული ტექნიკა ჩანს.

ვინ დაესხა თავს რუსულ სატრანსპორტო კოლონას და ФСБ-ს ავტომობილს, დაუდგენელია, თუმცა მთავარ ეჭვმიტანილად აზერბაიჯანული მხარე სახელდება. მოსკოვში უსაფრთხოების სამსახურში მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლებიან და განმარტავენ, რომ რუს სამხედროებს შორის მსხვერპლი არ არის.

სომხეთი საომარი მდგომარეობის გამოსაცხადებლად ემზადება. მაგრამ ნიკოლ ფაშინიანი ჯერ არ ჩქარობს. პოლიტიკურად ახლა პრემიერმინისტრი რთულ ვითარებაშია: ქვეყანაში მისი გადადგომის მოთხოვნით აქციები დაიწყო; რუსეთმა ფაქტობრივად ღიად უთხრა უარი მხარდაჭერაზე და უმოქმედოდ არის ე.წ. ОДКБ – სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც ერთმანეთის დაცვის მიზნით ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ნაწილს აერთიანებს. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროებმა დისლოკაციის ადგილი სასწრაფოდ დატოვეს.
ზერბაიჯანულმა მედიამ იმ სომეხი ჯარისკაცების ვიდეოგაავრცელა, რომლებიც მათი მტკიცებით, ტყვედ ჩავარდნენ.

სამხედრო ტყვეებზე ოფიციალურად არცერთ მხარეს არ უსაუბრია. თუმცა, დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ბაქო მზად არის ერევანს 100 სომეხი ჯარისკაცის ცხედარი გადასცეს. ჯერ უცნობია, რას უპასუხებს ერევანი მათ.

დაღუპულები აზერბაიჯანულ მხარესაც ყავს. სომხეთში კი ამბობენ, რომ სამხედროების გარდა, დრონებით დაბომბვას მშვიდობიანი მოქალაქეებიც შეეწირნენ.

სომხეთმა სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგი რომ განიცადა, ამას აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებული ვიდეოებიც ადასტურებს. ერთადერთი საკითხი, რაზეც მხარეები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, არის ის, თუ რომელმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

კონფლიქტში ისევ დისტანციურად ერევა კრემლი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვი მჭიდრო კავშირშია ბაქოსთან და ერევანთან და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სიტუაციის უსწრაფესი სტაბილიზაციისთვის აუცილებელ ზომებს იღებს. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია სომხეთში მისიას აგზავნის. აშშ კი მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს.

რეგიონის მშვიდობისთვის რომ კონფლიქტის დიპლომატიურად მოგვარება აუცილებელია, ამაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიაში გამართული პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილს ეთანხმება და კონფლიქტის მალე დასრულების იმედი აქვს გერმანიის კანცლერსაც. ოლაფ შოლცი ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოსთან ერთად მუშაობს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა მშვიდობიანად გაგრძელდეს

დასხდებიან თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეები, ამაზე განცხადებები ბაქოს და ერევანს არ გაუკეთებია. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება სამშაბათს დაიძაბა. ერევანში თქვეს, რომ აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე რამდენიმე ქალაქი, მათ შორის ჯერმუკი, გორისი და კაპანი დაბომბეს და მათ ამ პროვოკაციას მხოლოდ უპასუხეს. თავად ბაქოში კი განაცხადეს, რომ პროვოკაცია სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოაწყო, რომლის დროსაც ტერიტორიის ნაწილი დანაღმა და აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button