ლაგოდეხში მიწის თაღლითურად დაუფლებაში მონაწილე მოქალაქეებს ამნისტია შეეხებათ

ლაგოდეხში მიწის თაღლითურად დაუფლებაში მონაწილე მოქალაქეებს ამნისტია შეეხებათ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აღარ დააკისრებს იმ პირებს, რომლებიც მიწას სახელმწიფოს დაუბრუნებენ, ან ნაკვეთის ეკვივალენტურ ღირებულებას ბიუჯეტში გადაიხდიან.
სამართალდამცავების ინფორმაციით, 2023 წლის 15 ნოემბრის “ამნისტიის შესახებ” კანონი საქმეში მონაწილე მოქალაქეებს უკვე განუმარტეს.
გამოძიების მტკიცებით, ადამიანების ჯგუფი მთლიანობაში თაღლითურად დაეუფლა 1 746 934 ლარის ღირებულების სახელმწიფოს და კერძო საკუთრებაში არსებულ 37 864 მ2 მიწის ნაკვეთს.
დღევანდელი მდგომარეობით, თაღლითურად გასხვისებულ ქონებას ყადაღა ადევს.
საქმეზე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების, თაღლითურად დაუფლებაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბისთვის სოფელ ნინიგორში მერის ყოფილი წარმომადგენელია დაკავებული.
დაკავებულ პირს ამნისტიის შესახებ კანონი არ შეეხება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 6- დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.