მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ლაგოდეხში მოსახლეობის პროტესტი პერმანენტულად გაგრძელდება

“დღეს არის აპოლიტიზირებული აქცია, ჩვენი პარტია არის ლაგოდეხი, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ, ჩვენ მონები არ ვართ, თუმცა ვიღაცეებს უნდათ, რომ დაგვამონონ და დაგვაბეჩაონ. არჩევნებზე ჩვენ ვირჩევთ ხელისუფლებას, ისინი უნდა იყვნენ ფრთხილად, რომ ჩვენ ხალხი ფხიზლად ვართ” – ამ სიტყვებით მიმართა ლაგოდეხელმა აქტივისტმა და აქციის ორგანიზატორმა ლალი ევტუშენკომ სპეციალურად გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას, რომელიც წლებია ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდებას, ბოლო დროს დაწესებული ტარიფის განახევრებასა და მრიცხველების დემონტაჟს ითხოვს.

თუ აქციის მონაწილეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტის ნიშნად, წყლის საფასურს არ გადაიხდიან და აქციებსაც გააგრძელებენ.

აქციაზე გამომსვლელის ხმა

აქციაზე, რომელსაც 150-მდე ლაგოდეხელი ესწრებოდა, იმყოფებოდნენ ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებმაც განაცხადეს, რომ ეს არ იყო პოლიტიკური აქცია, თემა აქტუალურია, საერთოა და სრულიად ლაგოდეხს წლებია აწუხებს.

დღეს აქციაზე არ გამოჩენილან მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია და მმართველი პარტიის წარმომადგენლები.

„ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია შევთავაზოთ მოსახლეობას, ეს არის ის, რომ გაჩნდეს სარწყავი წყლის ალტერნატივა. მრიცხველი თუ არა, მაგაზე მე პასუხი არ მაქვს და ვერ დავპირდები ვერაფერს მოსახლეობას“- ეს სიტყვები ჯონდო მდივნიშვილს, ლაგოდეხის მუნიცილტეტის მერს ეკუთვნის, რომელიც წინა აქციაზე, 1 ივნისს ლაგოდეხელებს შეხვდა და პრობლემების ნაწილობრივ მოგვარებას დაჰპირდა.

 

აქციაზე იმყოფებოდა ევა ლომთაძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომელმაც რადიო ჰერეთთან განაცხადა, რომ გასულ წლებში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა.

“დღევანდელმა დღემ იქნებ მაინც დაარწმუნოს ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლება, რომ წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ჩატარდა ლაგოდეხში, არის უხარისხოდ ჩატარებული. წყლის ტარიფმა და ხარისხმა ხომ საერთოდ აღაშფოთა ლაგოდეხის მოსახლეობა. ამას გარდა, კომპანიებს დარჩათ ვალდებულებები ქუჩების მოწესრიგებისა, რაც დამატებით თანხებთან არის დაკავშირებული; საეჭვოა იმ მილების ხარისხი და სანდოობაც, რომლითაც მოგვეწოდება წყალი; ხალხისგან გამოთხოვილ დოკუმენტებზე ისევ არაა პასუხი გაცემული, თუ რამდენად ხარისხიანადაა შესრულებული სამუშაოები; ადგილობრივი ბიუჯეტით ამ სამუშაოების შესრულება, რაც გამოასწორებდა ყველაფერს, არის, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი”.

ევა ლომთაძის თქმით, მერიამ და საკრებულომ პირველ რიგში, მოსახლეობას უნდა დაუჭიროს მხარი და დააყენოს ცენტრალური ხელისუფლების წინაშე საკითხი იმის თაობაზე, რამდენად იყო თანხები მიზნობრივად გახარჯული. ამასთან, ლომთაძე ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია, აუხსნას ცენტრალურ ხელისუფლებას იმ სოციალური ფონის შესახებ, რაც ლაგოდეხშია და ტარიფი, რომელიც დაწესებულია, მუნიციპალიტეტის თავისებურებებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა იქნას გადახედილი.

მოძრაობა “შეცვალეს” დამფუძნებელი ნიკა ნოზაძე, რომელიც ასევე აქციაზე იმყოფებოდა რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა, ბოლო წლებში, 13 მილიონი ლარი აბსოლუტურად უშედეგოდ დახარჯა.

“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა, ბოლო წლებში, 13 მილიონი ლარი დახარჯა წყლის სისტემის რეაბილიტაციაში და მოწყობაში, თუმცაღა, ერთი მადლიერი ადამიანი არ არის მთელს მუნიციპალიტეტში. ეს თანხები არის არაკანონზომიერად დახარჯული, მოსახლეობა კვლავ უჩივის დაბინძურებულ წყალს, არის ონკოლოგიური საფრთხეებიც და ამის ფონზე, კოლოსალური გადასახადები მისდის მოსახლეობას. აუცილებელია სარწყავი წყლის გამოყოფა, რათა ეს თანხები არ მიაწერონ მრიცხველს. აუცილებელია წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალიტეტის თვითმართველობა შევიდეს მოსახლეობის მდგომარეობაში და ისედაც გაჭირვებულ ხალს ნუ დააწერენ იმხელა ვალს, რომ ვერასდროს გადაიხადონ და წყლის გარეშე დარჩნენ”.

აქციაზე იმყოფებოდა “ევროპული საქართველოს” ლაგოდეხის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ენუქიძეც, რომელმაც სხვა ადგილობრივ პოლიტიკოსებთან ერთად შეკრებილებს მიმართა. ენუქიძემ განაცხადა, რომ მოითხოვენ მოსახლეობასთან ერთად მოხდეს მრიცხველების დემონტაჟი და ლაგოდეხში წყლის გადასახადი სულადობის მიხედვით დაანგარიშდეს, გადასახადი კი იყოს ისეთი დაბალი, რაც შეესაბამება მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას.

მოუსმინეთ აქციაზე გამოსვლის ჩანაწერს.

ლაგოდეხელები პერმანენტულად უშედეგოდ მართავენ აქციებს ხარისხიანი წყლის მოთხოვნითა და ტარიფის შემცირებით. გასული აქცია ლაგოდეხში ივნისში ჩატარდა და მაშინ მოსახლეობამ ცენტრალური გზაც კი გადაკეტა.

წყლის მრიცხველები ლაგოდეხში მას შემდეგ დაამონტაჟეს, რაც ქალაქის წყალმომარაგების სისტემას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 13 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა მოსახლეობას ამ დრომდე დაბინძურებული წყალი მიეწოდება. ამასთან, “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ” რეაბილიტაციის შემდეგ გადაწყვიტა მოსახლეობისთვის მრიცხველები დაემონტაჟებინა და გადასახადიც დაუწესა, ერთი კუბური მეტრი წყალი – 42 თეთრის პირობით. 49 თეთრს იხდიან იმავე ოდენობის წყალში ის ოჯახები, ვინც კანალიზაციითაც სარგებლობს.

“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” აცხადებენ, რომ მრიცხველების დემონტაჟის შემთხვევაში, წყლის მოხმარება გაიზრდება და ქალაქის დიდი ნაწილი სასმელი წყლის გარეშე დარჩება. მიუხედავად ლაგოდეხელების პროტესტისა, “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” აცხადებს, რომ წყლის ტარიფის დაკლება არ და ვერ მოხდება, რადგან ფასს “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია” (სემეკი) არეგულირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button