ლაგოდეხში მუშაობა საბავშვო ბაღების ნაწილმა განაახლა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/03/bagi-lagodexi.jpg)
31 არსებული სააღმზრდელო დაწესებულებიდან დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მხოლოდ 23 საბავშვო ბაღი გაიხსნა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი თამარ ბაღაშვილი რადიო ჰერეთთან აცხადებს, რომ დანარჩენ 8 ბაღში ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და სააღმზრდელო პროცესს რეაბილიტირებული ბაგა-ბაღები უახლოეს მომავალში განაახლებენ.
ბაღაშვილის თქმით, იმ აღმზრდელებს და პედაგოგებს, რომლებიც რეგულაციების დასრულების შემდეგ დღეს პირველად შევიდნენ აღსაზრდელებთან, 1 კვირის წინ კოვიდტესტირება ჩაუტარდათ.
ქალაქ ლაგოდეხში დღეს საზეიმო ვითარებაში #3 საბავშვო ბაღი გაიხსნა. სააღმზრდელო დაწესებულება, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც ადგლობრივ ბიუჯეტს 597 ათას ლარი დაუჯდა, – თითქმის 1 წელი იყო გაჩერებული.
მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი ჰერეთთან აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს სულ მალე კიდევ ორი, სოფლების: გიორგეთის და ცოდნისკარის რეაბილიტირებული ბაღები შეემატება.
#3 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის ლელა კუქსინას თქმით, ახლადგახსნილი ბაღი 80 აღსაზრდელისთვისაა განკუთვნილი.
მოისმინეთ ჯონდო მდივნიშვილის,თამარ ბაღაშვილის და ლელა კუქსინას კომენტარები