ლაგოდეხში პარტია „საქართველოსთვის“ მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა განახევრდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მაჟორიტარობისთვის, გიორგი გახარიას პარტიიდან მხოლოდ 4 კანდიდატი იბრძოლებს. ამის შესახებ რადიო ჰერეთს პარტია „საქართველოსთვის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სალომე ღონღაძემ განუცხადა.
ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ ლაგოდეხის ორგანიზაციამ საოლქო საარჩევნო კომისიაში, რეგისტრაციის დასრულებამდე, 8 მაჟორიტარობის კანდიდატის მონაცემები შეიტანა.
„გასულ კვირას, ჩვენი ორგანიზაციის მეოთხე წევრმა დატოვა პარტია და ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიაში კანდიდატურა მოიხსნა. ბესიკ ბებრიშვილი , როგორც ინდივიდუალურად, ასევე სიითაც აპირებდა კენჭისყრაში მონაწილეობას, თუმცა ჩემი ინფორმაციით მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ და ოპოზიციური ფლანგის დატოვება მოსთხოვეს.“ – განაცხადა რადიო ჰერეთთან სალომე ღონღაძემ
რადიო ჰერეთი გასული კვირის საინფორმაციო გამოშვებებში იუწყებოდა, რომ ამავე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის სამმა წევრმა კანდიდატურა მოიხსნა, თუმცა ამათგან ერთერთმა, კაკი ლობჟანიძემ, გააანალიზა რა არსებული არაჯანსაღი პოლიტიკური ვითარება, საოლქოში, კანდიდატის რეგისტრაციის აღდგენის მიზნით განცხადება დაწერა. ადგილობრივმა საარჩევნო ორგანომ მას მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა და კანდიდატურის მოხსნის შესახებ დაწერილი განცხადება ძალაში დატოვა. გარდა ამისა, ლობჟანიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ანალოგიური მოთხოვნით მიმართა, მაგრამ ცესკოშიც მას იგივე პასუხი გასცეს.
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ადგილობრივი ლიდერი სალომე ღონღაძე გურჯაანის სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. მიზეზი, – პოლიტიკური ნიშნით მისი სამსახურიდან გათავისუფლებაა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ფარული კენჭისყრის საფუძველზე ის სამსახურიდან გაუშვა. მიზეზად კი სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასული საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარის მიერ თანამდებობის შესაძლო ბოროტად გამოყენება დასახელდა.
სალომე ღონღაძემ რადიო ჰერეთთან წინასაარჩევნო ვითარებაზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ მათი დაკვირვებით, ამომრჩეველი შეშინებულია, საარჩევნო კამპანიის განხორციელებისას, ეშინიათ ოპოზიციური პარტიის შეხვედრებზე გამოსვლის და სააგიტაციო მასალის აღებისას შესამჩნევად ფრთხილობენ.