მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხში რუსული კანონის სააგიტაციო ბანერები გამოჩნდა

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების ანალოგიური შინაარსის ბანერები ლაგოდეხის ცენტრალურ ქუჩებზე, სკვერებში, ადგილობრივი თვითმმართველიბის მიმდებარე ტერიტორიებსა და ხეებზეა გაკრული.

ტელეკომპანია ” ფორმულას” ჟურნალისტი, დავით ჭაბაშვილი, რომელიც ლაგოდეხის მკვიდრია, რადიო ჰერეთთან საუბარში ამბობს, რომ მთელი დღის განმავლობაში სააგიტაციო ფურცლების ჩამოხევით იყო დაკავებული და რუსული კანონის მიღებას, ყველა დასაშვები მეთოდით შეეწინააღმდეგება.

” ყველანაირად შევებრძოლები, ამ კანონის მიღება რომ არ მოხდეს. საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, რომ ინსტიტუტები დაზიანდება, უამრავი პროექტი გაჩერდება. დღეს, როცა დავინახე ბანერები, სამი- ოთხი საათის განმავლობაში , მთელს მუნიციპალიტეტში ვახევდი ამ ფურცლებს. რამდენიმე ახალგაზრდა მოვიდა და როცა გაიგეს, რომ რუსული კანონის სააგიტაციო მასალაა, ისინიც ჩემთან ერთად ახევდნენ. ამან დამარწმუნა, რომ სწორად ვიქცევი. ისიც მინდა ვთქვა, რომ დავიჯერო მხოლოდ მე ვხედავ ამხელა კახეთში ამ ბანერებს? ოპოზიცია მხოლოდ რომ ლაპარაკობს, მოქმედება საჭირო არ არის? არ დავიღლები, რამდენჯერაც გააკრავენ, იმდენჯერ ჩამოვხევ და ყველა დასაშვები მეთოდით შევეწინააღმდეგები, რომ ეს პროექტი კანონად არ იქცეს”- განაცხადა ჭაბაშვილმა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, რადიო ჰერეთს განუცხადეს, რომ რუსული კანონის სააგიტაციო მასალასთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობენ.

” ამასთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ვფლობთ, რა სააგიტაციო მასალაა , ვერ გეტყვით. პირადი მოსაზრებები თუ გაინტერსებთ, მერიის თანამშრომლები, ამ ფურცლების გაკვრით არ დაკავდებოდნენ” – განუცხადეს რადიო ჰერეთს მერიაში.

რუსული კანონის ხელახალი ინიცირება საქართველოს პარლამენტში, რამდენიმე დღის წინ განხორციელდა.

ევროპელი პარტნიორების, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და რიგითი მოქალაქეების უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობა კანონის განხილვის დაწყებას იმ კვირიდან გეგმავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button