ლაგოდეხში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა

ლაგოდეხში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბაზაზე, ნოდარ ახალკაცის სახელობის საფეხბურთო აკადემია გაიხსნა.
აკადემიაში, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ბაზის საცხოვრებელი კომპლექსი სულ 110 ადამიანზეა გათვლილი.
როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული აკადემია მთელი ქვეყნის მასშტაბით, რიგით მესამეა.
“აკადემია საშუალებას გვაძლევს, რომ რაც შეიძლება ბევრი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში და ამით ხელი შევუწყოთ ქართული ფეხბურთის განვითარებას”, – თქვა კობიაშვილმა.
რეგიონისთვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის აკადემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მან აღნიშნა, რომ ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის განვითარება და მასში ჩართული ადამიანების ზრდა, დადებით გავლენას იქონიებს ჯანსაღი საზოგადოების ფორმირებაზე.
ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემიის მთავარ მწვრთნელად გიორგი ნუსხელიძე იმუშავებს, მისი დამხმარეები კი ადგილობრივი სპეციალისტები – ალექსანდრე ჯაფარიძე, შიო შეყელაშვილი და ვახტანგ თანდაშვილი იქნებიან.