მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ უკრაინას საბრძოლო ტექნიკით დაეხმარება

შეერთებული შტატები უკრაინას უახლოეს მომავალში მიაწვდის სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელშიც შევა კიდევ 4 რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემა HIMARS-ი. ამის შესახებ 20 ივლისს განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა. ამგვარად უკრაინისთვის გადაცემული HIMARS-ის სისტემების საერთო რაოდენობა 16-ს მიაღწევს.

ოსტინის თქმით, ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი ასევე მოიცავს საარტილერიო მასალებსა და ერთდროულად რამდენიმე რაკეტის გამშვებ სისტემებს.
HIMARS უკრაინის არსენალში არსებული საბჭოთა პერიოდის არტილერიასთან შედარებით უფრო შორ მანძილზე, მეტი სიზუსტით ისვრის.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თქმით, HIMARS-ი არის „მოწინავე სარაკეტო სისტემები, რომლებსაც უკრაინელები უკვე იყენებენ ძალზე ეფექტიანად და რომლებმაც უკვე საგრძნობლად შეცვალა სიტუაცია ბრძოლის ველზე“. ასევე, ოსტინის სიტყვებით, ახალ პაკეტში შევა ადრე მიწოდებული ჰაუბიცებისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ჭურვებს. მას არ დაუზუსტებია, იქნება თუ არა მათ შორის 300 კილომეტრამდე მოქმედების გრძელი რადიუსის რაკეტები. ჯერჯერობით უკრაინა იღებდა ჭურვებს, რომლებიც განკუთვნილია დაახლოებით 80 კილომეტრზე სამიზნეების გასანადგურებლად. HIMARS-ების გამოყენებით უკრაინის სამხედროებმა უკანასკნელი კვირების განმავლობაში რამდენიმე დარტყმა მიაყენეს რუსეთის ჯარების ზურგს. ამასთან, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები არ ხორციელდება.

„ჩვენ გავაგრძელებთ ინოვაციური გზების მოძებნას, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების მამაც ქალებსა და კაცებს გრძელვადიანად მივაწოდოთ დახმარება და ჩვენს დახმარებას მოვარგებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს ტექნოლოგია, ტყვია-წამალი და ცეცხლსასროლი ტექნიკა რათა თავი დაიცვან“ – განაცხადა ოსტინმა.

დასავლეთი უკრაინას შორ მანძილზე სასროლი მძიმე არტილერიითა და ერთდროულად რამდენიმე რაკეტის გამშვები სისტემებით ეხმარება, რათა რუსული არტილერიის რაოდენობრივი უპირატესობის წინაშე მყოფ კიევს დაეხმაროს.
უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის ლოჯისტიკურ და ტყვია-წამლის 30 საწყობზე იერიში დასავლეთის მიერ მიწოდებული სარაკეტო სისტემებით წარმატებით მიიტანა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ამ კვირის დასაწყისში რუს გენერლებს უბრძანა, რომ კონცენტრირდნენ უკრაინის შორს მანძილზე სასროლი რაკეტებისა და საარტილერიო იარაღის განადგურებაზე. ეს განკარგულება რუსეთმა მას შემდეგ გასცა, რაც უკრაინამ დასავლეთიდან მიღებული მძიმე შეიარაღება რუსეთის მარაგებზე თავდასხმისთვის გამოიყენა.

HIMARS მაღალტექნოლოგიური, მსუბუქი რაკეტის გამშვებია, რომელიც ბორბლებზეა დამონტაჟებული, რაც მას ბრძოლის ველზე მეტ სისწრაფესა და მანევრირების შესაძლებლობას აძლევს.
აშშ-მ უკრაინას HIMARS სისტემები ივლისის დასაწყისშიც გაუგზავნა.

ამასთან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ რუსეთის ჯარებმა უკრაინისთვის გადაცემული 12 HIMARS-დან სამი გაანადგურეს. უკრაინის მხარეს არ უღიარებია არცერთის დაკარგვა. დამოუკიდებელი წყაროები არ ადასტურებენ არცერთი რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემის განადგურებას.

„ახლა ამ კონფლიქტის კრიტიკული ფაზაა. და უკრაინისადმი ჩვენი კოლექტიური მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და გადაუდებელია. რუსეთი მიიჩნევს, რომ შეძლებს უფრო დიდხანს გაძლოს, ვიდრე უკრაინა და ჩვენ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთია მისი შეცდომების სერიაში,“ თქვა ოსტინმა და აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენა კორექტირებულ იქნება იმისთვის, რომ კიევს ყოველივე აუცილებელი მოეპოვებოდეს აგრესიის მოსაგერიებლად.
მისი თქმით, პუტინმა საკმარისად ვერ შეაფასა თავისუფალი ხალხის ძალა, რომელიც საკუთარი სამშობლოს დასაცავად იბრძვის და საერთაშორისო საზოგადოების ნება, რომელიც მხარს უჭერს მათ. ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ გაუწევს ყველანაირ დახმარებას უკრაინას, რათა ქვეყანას ჰქონდეს ტექნოლოგიები, საბრძოლო მასალები და შეიარაღება, რათა დაიცვას თავი.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ოთხშაბათს გამოვიდა უკრაინასთან დაკავშირებული საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე. კონფერენცია ონლაინრეჟიმში გაიმართა. საქმე ეხება ე.წ. „რამშტაინის ფორმატს“ – გერმანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზის სახელწოდების მიხედვით. იქ გაზაფხულზე გაიმართა იმ 40 ქვეყნის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან და სხვა სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას უწევენ.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ დახმარების ახალ პაკეტში შევა ასევე ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი NASAMS-ი.

რუსეთი ამზადებს საფუძველს უკრაინის ტერიტორიის კიდევ უფრო მეტი ნაწილის ანექსიისათვის და უკანონო ნდობით აღჭურვილ ლიდერებს ნიშნავს მის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში, – ამის შესახებ 19 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად რუსეთმა დაიწყო “ანექსიის სცენარის” განვითარება, ანალოგიური იმისა, რომელიც კრემლმა, ყირიმში ინტერვენციის შემდეგ აამოქმედა და ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. რუსეთმა უკვე დანიშნა “უკანონო რეგიონულ ლიდერების” მის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებზე, მათ შორის ხერსონში, ზაპოროჟიესა და დონეცკსა და ლუგანსკში.

“ძალისმიერ ანექსია წარმოადგენს გაეროს წესდების უხეშ დარღვევას, და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს ქმედება დაუსჯელი დარჩეს”, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

გარდა ამისა, როგორც კირბიმ აღნიშნა, კრემლი აპირებს დაპყრობილ ტერიტორიებზე “ფიქციური რეფერენდუმების” ორგანიზებას, ემზადება რუსული რუბლის მიმოქცევაში შეტანისათვის და აიძულებს ადგილობრივ მცხოვრებლებს მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა.

თეთრის სახლის წარმომადგენელმა ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს ხანებში აშშ-ი გამოაცხადებს უკრაინისათვის დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ. მოსალოდნელია, რომ პაკეტში იქნება HIMARS-ის კლასის მაღალი მობილურობის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები. ამ სახის შეიარაღების რამდენიმე ერთეულის გადაცემამ კიევისთვის, მნიშვნელოვნად გაზარდა რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის თავდაცვითი პოტენციალი.

ცნობისთვის აშშ-მ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე ქვეყნის დასახმარებლად ჯამში 8 მილიარდამდე დოლარი გამოყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button