“ლაგოდეხში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია” – მოსახლეობა საკრებულოს მიმართავს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილი, საკრებულოს სპეციალური კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს.

მოქალაქეთა ერთობლივ განცხადებას ხელს 120-მდე ადამიანი აწერს. ადგილობრივები განცხადებაში რამდენიმე პრობლემაზე საუბრობენ, რომელიც მათივე თქმით, წყალმომარაგების კუთხით არსებობს.

განცხადების მიხედვით, “ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულ მუშებს რამდენიმე თვეა ანაზღაურება არ მიუღიათ, ხოლო სამუშაოები შეჩერებულია”.

“ჩვენი ინფორმაციით წყლის სისტემის სარებილიტაციო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2016 წლის ბოლოს, მაგრამ ჩვენი ინფორმაციითვე ამჟამად სამუშაოების ნახევარზე მეტი შესასრულებელია. გვაქვს ინფორმაცია, რომ თანხა, რომელიც რეაბილიტაციისთვის იყო გამოყოფილი, მთლიანად დახარჯულია. გთხოვთ საკრებულოს დაინტერესდეთ აღნიშნული პრობლემებით და შექმნათ სპეციალური მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც შეისწავლის ყველა პრობლემას და სააშკარაოზე გამოიტანს. ასევე დარღვევებისა და დანაშაულის აღმოჩენის შემთხვევაში მოახდინოთ რეაგირება და მიმართოთ ყველა სათანადო უწყებას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც ლაგოდეხის საკრებულოს ადგილობრივთა ჯგუფმა მიმართა.

მოუსმინეთ საკრებულოში გაგზავნილი წერილის ერთ-ერთი ხელმომწერის, ლალი ევტუშენკოს ხმას ►

წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, რომ პრობლემებია, ამას ჩვენთან საუბარში ადასტურებს საკრებულოს თვამჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე. თუმცა, ის ვერ აკონკრეტებს შეიქმენება თუ არა მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე კომისია, რომელიც პრობლემებს შეისწავლის.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მან საქმის კურსში ჩააყენა გამგებელი და ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი, რომლებიც თვის მხრივ ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორს მიაწვდიან. ამის შემდეგ კი იმსჯელებენ, შექნან თუ არა კომისია.

მოუსმინეთ საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძის ხმას ►

ლაგოდეხში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. სამუშაოებს კომპანია ინსი ასრულებს. როგორც სამუშაოების დაწყების დროს კომპანიის ხელმძღვანელმა დავით გეგენავამ რადიო “ჰერეთს” უთხრა, პროექტის ღირებულება 9 მილიონი ლარია.

მოუსმინეთ დავით გეგანავას კომენტარს არქივიდან ►

მსგავსი პოსტები

Back to top button