მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„ჰეზბოლაში“ აცხადებენ რომ ისრაელის მიერ „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობას უპასუხებენ

„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალეჰ ალ-არაურის მკვლელობას უპასუხებენ.

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ ეს დანაშაული არ ჩაივლის უპასუხოდ და სასჯელის გარეშე“, – აღნიშნულია „ჰეზბოლას“ განცხადებაში.

„ჰეზბოლაში“ ასევე აცხადებენ, რომ მათი მებრძოლები გაძლიერებულ მზადყოფნაში არიან პასუხის გასაცემად. დაჯგუფების განცხადებით, მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო გაამხნევებს პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობას.
„კრიმინალური მტერი, რომელმაც ოთხმოცდაათი დღის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულების, მკვლელობებისა და განადგურების შემდეგ ვერ შეძლო ღაზის დამორჩილება, მკვლელობის პოლიტიკას მიმართავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, ისრაელის, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასის“ მაღალჩინოსანი სალეჰ ალ-არური ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ ნაწილზე სავარაუდოდ, ისრაელის მიერ უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
„დარტყმა კიდევ ერთხელ ადასტურებს მტრის საშინელ წარუმატებლობას მისი აგრესიული მიზნების მიღწევაში ღაზის სექტორში“, – აღნიშნა ჰამასის წარმომადგენელმა.

მოგვიანებით, „ჰამასის“ მაღალჩინოსნის მკვლელობის გამო, პროტესტის ნიშნად, პალესტინელებმა რამალაში მსვლელობა გამართეს.

მომხდართან დაკავშირებით ისრაელის მხარეს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ამასთან მედიასაშუალებებით 2 იანვარს გავრცელებული ეს ინფორმაცია დაადასტურა ჰამასმა, რომლის მონაცემებით, მოკლულია კიდევ 2 მეთაური და ორგანიზაციის 4 სხვა წევრი.

ლიბანის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, აფეთქება 2 იანვარს მოხდა ჰამასის ოფისში, რომელიც ბეირუთის გარეუბან დაჰიაში მდებარეობს.
57 წლის სალეჰ ალ-არური ჰამასის იერარქიაში მეორე პირად ითვლებოდა. ის პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე და მოძრაობის სამხედრო ფრთის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეთაური იყო და მჭიდრო კავშირი ჰქონდა ირანთან და ლიბანში მოქმედ რადიკალურ დაჯგუფება ჰეზბოლასთან. ალ-არური ლიბანში ცხოვრობდა. მის მკვლელობაში ჰამასმა ისრაელი დაადანაშაულა. ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის შეფასებით, ბეირუთში „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალეჰ ალ-აროურის მკვლელობა ისრაელის მიერ განხორციელებული „მხდალი ტერორისტული ოპერაცია იყო“.

მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, რომ „სიონისტურმა რეჟიმმა აშშ-ის პირდაპირი მხარდაჭერის მიუხედავად, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე კვირების განმავლობაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების, გენოციდისა და დესტრუქციის შემდეგ, თავის ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია.

„სხვა ქვეყნებში ამ რეჟიმის ტერორისტული მანქანის ბოროტი ქმედებები საფრთხეა მშვიდობის, უსაფრთხოებისთვის და სერიოზული განგაშის საბაბია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის“, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერის“ გვერდზე.
როგორც BBC წერს, არური “ჰამასის” ყველაზე მაღალი რანგის ფიგურაა, რომელიც 7 ოქტომბერს დაწყებული ომის განმავლობაში მოუკლავთ.

ისრაელის არმია 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ღაზის სექტორში აწარმოებს ომს ჰამასის წინააღმდეგ, რასაც წინ უძღოდა ისრაელზე რადიკალური ისლამისტური მოძრაობის ფართომასშტაბიანი თავდასხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button