“ლარის 2.54-იან კურსს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებს”
ლარის 2.54-იან კურსს დოლართან მიმართებაში ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებს – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გაზეთ კვირის პალიტრასთვის მიცემულ ინტერვიუში აკეთებს.
“სამართლებრივად ქადაგიძე და ეროვნული ბანკი ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებლები არ არიან და მეტიც, კონსტიტუციის თანახმად, დღეს ლარის სტაბილურობა¬ზე პასუხისმგებელი არავინაა. ეს გაუგებარი ანომალიაა, მაგრამ რეალობა ასეთია და, სამწუხაროდ, დღემდე არც კანონმდებლობა შეცვლილა. ერთი რამის თქმა დარწმუნებით შემიძლია, 2.54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებს. რამდენიმე თვის წინანდელი მონაცემებით, აღებული სესხების 64 პროცენტი დოლარში იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობამ უარი უნდა თქვას გადახდაზე, ან გაყი¬დოს, თუ რამე აქვს დარჩენილი. თუ ასე გაგრძელდება, მღელვარების საშიშროება იქნება,” – აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.
მინისტრმა განმარტება ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის შესახებაც გააკეთა. ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკისგან გამოყოფა არასწორი ნაბიჯია, თუმცა კონკრეტულ ვითარებაში სწორი გადაწყვეტილება იყო.