მნიშვნელოვანისიახლეები

,,ლაშა ტალახაძეს და ვიქტორ სანიკიძეს, მსოფლიოში აღიარებულ და დამსახურებულ ადამიანებს რა მორალით და რა პრინციპით ასანქცირებთ,,-ზარქუა სანქციებზე

რა მორალით, რა პრინციპით და ღირებულებებით გველაპარაკებით და თან გვასანქცირებთ. თან ვის – ლაშა ტალახაძეს და ვიქტორ სანიკიძეს, მსოფლიოში აღიარებულ და დამსახურებულ ადამიანებს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს:
“რამდენიმე დღის წინ სიმართლე ვუთხარი ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თემაზე ქალბატონ კალასზე, როცა ის რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდებდა. მისი მეუღლე, ფულს აკეთებდა რუსებზე. ჩვენ მოგვიწოდებდნენ სანქციებისკენ, რომ რუსეთში მეორე ფრონტი გაგვეხსნა და თვითონ კიდევ საქართველოს გადაასწრეს რუსეთთან ვაჭრობაში, მაგალითად ღვინის მიმართულებით, ლიეტუვა პირველ ადგილზეა მათივე სტატისტიკით. ასევე ნავთობპროდუქტებში. რა მორალით, რა პრინციპით და ღირებულებებით გველაპარაკებით და თან გვასანქცირებთ. თან ვის – ლაშა ტალახაძეს და ვიქტორ სანიკიძეს, მსოფლიოში აღიარებულ და დამსახურებულ ადამიანებს. მე მაინც ერთი მინდა [ვუთხრა] ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ვინც დაგვიწესა ეს სანქციები – უკან გაიკეთე ეგ შენი სანქცია, სიყვარულით და პატივისცემით წალენჯიხიდან,”- აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.

ამით ნამდვილად ვერაფერს დაგვაკლებენ, – ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი ლაშა ტალახაძე, ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს.
მისივე განცხადებით, მსგავს ნაბიჯებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება.
“ვხედავთ, თუ როგორი უსუსურები არიან, საერთოდ რეალობას არიან მოწყვეტილები. ჩემთვის პირადად არაფერს არ ნიშნავს, რადგან ის საქმე, რომელსაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია – ასე დავარქმევდი ამას. ხმამაღლა ვიტყვი იმას, რომ ამით ნამდვილად ვერაფერს დაგვაკლებენ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლასა და წინსვლას”, – აცხადებს ლაშა ტალახაძე.

ლიეტუვამ 74, ლატვიამ 16, ესტონეთმა 55 ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესა

აბსოლუტურად არასერიოზულია, რასაც კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებები აკეთებენ, თუმცა ჩვენ უნდა დავრჩეთ კვლავაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში გამომდინარე იმ განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან, რომელიც ჩვენ ქართველებს გვაქვს ესტონელი, ლატვიელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს ხელისუფლებები განიცდიან პირდაპირ გავლენას გლობალური ომის პარტიისგან.
„ჩვენ აქ მართლა გვიწევს ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ხალხი და ხელისუფლება. ეს ხელისუფლებები არის ხალხის მიერ არჩეული, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ის, რომ ეს ხელისუფლებები განიცდიან პირდაპირ გავლენას გლობალური ომის პარტიისგან, ისინი არ არიან სუვერენული და ამ მდგომარეობაშია დღეს ეს ქვეყნები. თავისთავად მათი ნაბიჯები არის არასერიოზული, თუმცა ჩვენ უნდა დავრჩეთ კვლავაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში გამომდინარე იმ განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან, რომელიც ჩვენ ქართველებს გვაქვს ესტონელი, ლატვიელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთთან.
მისი თქმით, ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი და ასე ხდება, „როდესაც ქვეყანა ექცევა გლობალური ომის პარტიის არსებითი გავლენის ქვეშ“.
„ესეც არის აშკარა ორმაგი სტანდარტი. ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ევროპარლამენტარები ამ სამი ქვეყნიდან ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან სანქციებზე მიერთებას. ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით, კონკრეტულად ღვინით, რუსეთის ფედერაციასთან. ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი, უპრინციპობა. ასე ხდება, როდესაც ქვეყანა ექცევა გლობალური ომის პარტიის არსებითი გავლენის ქვეშ”, – განაცხადა კობახიძემ.

გუშინ, ესტონეთმა საქართველოს კიდევ 55 ოფიციალურ პირს, ლიეტუვამ 74, ლატვიამ კი 16 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. სიაში მოხვდნენ საქართველოს პარლამენტის მოქმედი და ყოფილ წევრები. მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები, ასევე მოძრაობა “ალტ-ინფოს” დამფუძნებლები.

მსგავსი პოსტები

Back to top button