მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ლაშქარავას ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გამო შსს 2 000 ლარით დაჯარიმდა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შსს-ს მიერ „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად აფასებს.

შსს-მ ვიდეოჩანაწერები 2021 წლის 11 ივლისს გაასაჯაროვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად:

„სამინისტროს მიერ გამართული ბრიფინგების მიზანს წარმოადგენდა ალექსანდრე(ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. თუმცა, 2021 წლის 11 ივლისს გამართული ბრიფინგების ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენელმა არ/ვერ დაასახელა ალექსანდრე(ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი და აღნიშნა, რომ გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგები. აღნიშნულის პარალელურად, სამინისტრომ ბრიფინგებზე გაასაჯაროვა ალექსანდრე(ლექსო) ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, შესაბამისი კომენტარებით, თუმცა საზოგადოებას არ მიაწოდა ინფორმაცია მათი გასაჯაროების მიზნებისა და მიმდინარე გამოძიებასთან ვიდეოჩანაწერების მიზეზობრივი კავშირის შესახებ. უფრო მეტიც, სამინისტრომ თავი შეიკავა გამოძიების კონკრეტული ვერსიის გაჟღერებისაგან(იმ მოტივით, რომ მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო დასკვნის შემდგომ იქნებოდა შესაძლებელი პირის გარდაცვალების გამომწვევი მიზეზის დადგენა), საზოგადოებას მოუწოდა გასაჯაროებული ვიდეოჩანაწერებიდან არ გამოეტანათ ნაადრევი დასკვნები და დალოდებოდნენ გამოძიების შედეგებს”.

ლაშქარავაზე საკუთარი ვერსიის კიდევ ერთხელ გასავრცელებლად შსს-მ ბრიფინგი გამართა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განმარტებით, იმის გამო, რომ შსს-ს მიერ გასაჯაროებული ვერცერთი ვიდეოჩანაწერი ვერ პასუხობდა საზოგადოებაში არსებულ მთავარ შეკითხვას გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირებით და ამასთან, ბრიფინგებზე არ იქნა განმარტებული ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან ჩანაწერების კავშირი, სამინისტროს მიერ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება შეფასდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების პრინციპის დარღვევად.

რაც შეეხება ვიდეოჩანაწერების მოპოვების კანონიერებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ შსს-მ „შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოიპოვა 2021 წლის 12 ივლისის ბრიფინგზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი აუდიო-ვიდეოჩანაწერი. კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ აუდიო-ვიდეოჩანაწერი სამედიცინო დაწესებულებიდან მოპოვებულ იქნა სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნულ აუდიო-ვიდეოჩანაწერზე (2021 წლის 12 ივლისს, 00:21, 00:24, 00:28 და 00:52 საათებზე) წვდომისა და სამედიცინო დაწესებულების კომპიუტერული მოწყობილობიდან მისი გადმოწერის დროს სამინისტროს მიერ არ შედგენილა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამსახველი რაიმე საპროცესო დოკუმენტი. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორმა დაადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულების მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის (მონაცემთა დამუშავების საფუძვლების) დარღვევა, სამინისტროს მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან ვიდეოჩანაწერების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დათვალიერებისა და გადმოწერის ფაქტზე”.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ დასკვნაში საუბარია სხვა ვიდეოჩანაწერების მოპოვების შესახებაც:

„რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2021 წლის 11 და 12 ივლისს, ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე გასაჯაროებული სხვა ვიდეოჩანაწერების მოპოვების კანონიერებას, სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებით ირკვევა, რომ სამინისტრომ ისინი სხვადასხვა პირისაგან მოიპოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-126-ე მუხლებით დადგენილი წესით (დათვალიერების გზით), ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მფლობელების წერილობითი თანხმობის საფუძველზე და ვიდეოჩანაწერების დათვალიერება განხორციელდა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ვიდეოჩანაწერების დათვალიერების გზით მოპოვების კანონიერების შეფასების მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შესწავლილი სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებები არაერთგვაროვანია. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ფარგლებში, ვერ/არ შეაფასა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კომპიუტერულ სისტემაში დაცული ინფორმაციის/დოკუმენტის მტკიცებულების სახით დათვალიერების გზით მოპოვების კანონიერების საკითხი”.

გომელაურის თქმით, შსს იძულებული გახდა ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ კადრები გაევრცელებინა

სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ჩატარებული შემოწმებების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე(მონაცემთა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დამუშავება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამავე მუხლით) და 44-ე(მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამავე მუხლით) მუხლების მეორე პუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ამავე კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 500 ლარით დაჯარიმდა სამედიცინო დაწესებულება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განმარტებითვე, რადგან მისი შემოწმების პარალელურად, 2021 წლის 12 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება სამინისტროს თანამშრომლების მიერ ერთიან საინფორმაციო ბანკში განხორციელებული არასანქცირებული წვდომებისა და ლექსო ლაშქარავას პერსონალური მონაცემების გამჟღავნების შესწავლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-16 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს სამინისტროს კონკრეტული თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი.

11 ივლისს, ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა სახლში გარდაცვლილი იპოვეს ოჯახის წევრებმა. 5 ივლისს, ლექსო ლაშქარავას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ თბილისი-პრაიდის აქციის მოწინააღმდეგეები. შსს თავიდანვე მიანიშნებდა, რომ გარდაცვალება ნარკოტიკის მოხმარებას უკავშირდებოდა.

მედიასაშუალებები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან კონტრაქციაზე ვერ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ცდილობს განავითაროს ვერსია, რომ ლაშქარავა ზედოზირებით გარდაიცვალა, რასაც ოჯახის წევრები და კოლეგები არ იზიარებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button