მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლავროვი, „დიდი ოცეულის“ მინისტერიალს დაგეგმილზე ადრე დატოვებს

8 ივლისს ბალიზე, ინდონეზიაში “დიდი ოცეულის” საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომას საფუძველი უნდა ჩაეყარა მსოფლიოს ეკონომიკურად უდიდესი ქვეყნების ლიდერების სამიტისთვის, რომელიც შემოდგომაზე უნდა შედგეს.

სხდომის დღის წესრიგში იყო როგორც ომი უკრაინაში, ასევე ამ ომით გამოწვეული ფასების ზრდა სურსათსა და ენერგომატარებლებზე.

ზოგიერთი დასავლელი ლიდერი გამოვიდა მოწოდებით, გაეწვიათ რუსეთი ჯგუფიდან, რათა ზომები მიეღოთ დასავლეთის მიერ მოსკოვისთვის თებერვლის შემდეგ დაწესებული სანქციების შესაბამისად. აშშ და მისი მოკავშირეები იმუქრებოდნენ, რომ ნოემბრის სამიტზე არ ჩავიდოდნენ, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც დაესწრება ფორუმს.

8 ივლისის დილის სხდომაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა გააკრიტიკა მოსკოვი უკრაინაში ომისთვის, რის გამოც დარბაზი დატოვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ლავროვი კვლავ გამართავს ორმხრივ მოლაპარაკებებს, შემდეგ სიტყვით მიმართავს პრესას და ინდონეზიას დატოვებს.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრი დღის მეორე ნახევარში დაგეგმილ ოფიციალურ სადილში და სამუშაო სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს.

დელეგაციის წყაროების ცნობით, ლავროვმა შეხვედრის ოთახი სიტყვით გამოსვლისთანავე დატოვა. მან ასევე თავი აარიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის შეკითხვაზე პასუხის გაცემას.

სერგეი ლავროვმა დღეს დაადასტურა ინფორმაცია, რომ G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარი თქვეს დასწრებოდნენ ვახშამს, რომელიც “დიდი ოცეულის” წევრი ქვეყნების მინისტრებისთვის იმართებოდა.

მანამდე, იაპონურმა სააგენტო Kyodo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინდონეზიის მიერ 7 ივლისს ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებას, G7-ის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვის გამო არ დაესწრნენ.

ლავროვმა დატოვა ის სხდომაც, რომელზეც ვიდეოკავშირის გზით უნდა გამოსულიყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. ლავროვმა თქვა, რომ დიპლომატები გამოსვლისას თავიდანვე რუსეთის მძაფრ კრიტიკას იწყებენ უკრაინაში ვითარების გამო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. მან თქვა, რომ რაც მოვისმინეთ „ეს იყო მთელი მსოფლიოს მძლავრი ქორო აგრესიის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ“.

უკრაინა არ არის „დიდი ოცეულის“ წევრი, მაგრამ მისი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიწვიეს ნოემბრის სამიტზე. ზელენსკიმ თქვა, რომ არ წავა შეხვედრაზე, თუ იმ დროისთვის ომი დასრულებული არ იქნება.

ბალის სხდომამდე ჩინეთმა გააკრიტიკა ვაშინგტონი და ნატო. პეკინის საგარეო საქმეთა უწყების წარმომადგენელმა ჟაო ლიძიანმა თქვა, რომ ვაშინგტონი „საერთაშორისო სამართალს მხოლოდ ისე იცავს, როგორც თვითონ თვლის საჭიროდ“.

ბალიზე შეხვედრის თემა იყო სურსათის კრიზისიც. ძირითადად უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მსოფლიოში მოიმატა სურსათის ფასმა. უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის, ასევე მზესუმზირის ზეთის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია. ომის დაწყების მერე ამ პროდუქტების ექსპორტი ძალიან შემცირდა. უკრაინის ნავსადგურების ბლოკადის გამო, არ ხერხდება უცხოეთში საქონლის გატანა.

ოფიციალური პირების დახურული სხდომისას, ენტონი ბლინკენმა, რომელმაც უარი თქვა ლავროვთან შეხვედრაზე, მოსკოვს მოსთხოვა, შესაძლებელი გახადოს უკრაინიდან მარცვლეულის გატანა. როგორც სხდომაზე მყოფმა ერთმა დასავლელმა მოხელემ გამოაცხადა, ბლინკენმა მიმართა რუს კოლეგებს: „უკრაინა არ არის თქვენი ქვეყანა. მისი მარცვლეული არ არის თქვენი მარცვლეული. რატომ კეტავთ ნავსადგურებს? მარცვლეული უნდა გამოუშვათ“, – თქვა ბლინკენმა.

ბალიზე ყოფნისას ლავროვმა გამოაცხადა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასა და თურქეთთან უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის შესახებ მოილაპარაკოს, ამის თაობაზე იტყობინება გერმანიის რადიო. მაგრამ, ლავროვის სიტყვებით, არ არის ნათელი, როდის შეიძლება გაიმართოს ასეთი მოლაპარაკება.

“დიდ ოცეულში” რუსეთის და “დიდი შვიდეულის” წევრი სახელმწიფოების გარდა, არიან: არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, ინდოეთი, ინდონეზია, ჩინეთი, სამხრეთი კორეა, თურქეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი, ავსტრალია და ევროკავშირი. „დიდი ოცეულის“ ქვეყნებზე მოდის მსოფლიო მრეწველობის 80 პროცენტი და იქ ცხოვრობს პლანეტის მოსახლეობის მესამედი.

ამასთან, სააგენტო წერს, რომ “დიდი ოცეულის” მინისტრების შეხვედრაზე გაუქმდა ერთობლივი ფოტოს გადაღების ტრადიციული ცერემონიაც, რადგან ზოგიერთმა მონაწილემ არ ისურვა ლავროვთან ერთად ფოტოს გადაღება.

მსგავსი პოსტები

Back to top button