ლავროვი ქართველი ხალხის არჩევანს პატივსცემს-მოსკოვს საქართველოსთან მეგობრობა სურს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კვლავ ამბობს, რომ რუსული მხარე მზადაა, გააგრძელოს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი-ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. ჩვენ მას პატივისცემით ვეკიდებით. მზად ვართ, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი გავაგრძელოთ“- განაცხადა მან საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ.
რუსეთის საგარეო მინისტრს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ჰკითხეს. ის ამტკიცებს, რომ აშშ და ევროკავშირი “ხელოვნურად ცდილობენ საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესი წარმოაჩინონ, როგორც სტრატეგიული არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის”.
„სინამდვილეში, საუბარია არჩევანზე ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ სუვერენულ განვითარებასა და გარედან კონტროლს შორის, ტრადიციულ ღირებულებებსა და გარედან დაწესებულ ნეოლიბერალურ დამოკიდებულებებს შორის“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, ამერიკელი ანალიტიკოსების განცხადებები საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ სიცრუეა.
„ეს არის აშკარა ტყუილი. ამერიკელები ცდილობენ მოგვაწერონ ის, რასაც თავად აკეთებენ. როგორც ამბობენ, ქურდს ქუდი ეწვის“, – აღნიშნა ლავროვმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 18 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ “რუსეთი საქართველოსთან კონტაქტებს ინარჩუნებს”.