ბრიტანეთის დაზვერვა- რუსეთმა დაიწყო თავისი ახალი 25-ე საერთო-საჯარისო არმიის ნაწილების გამოყენება
ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშნებს იმისა, რომ პუტინის მიზნები შეიცვალა

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვებში რუსეთმა ომის დაწყებიდან პირველად დაიწყო თავისი ახალი 25-ე საერთო-საჯარისო არმიის ნაწილების გამოყენება. ამ ფორმირებამ უკრაინაში გადასვლა აგვისტოს ბოლოს დაიწყო.
ცნობილია, რომ 25-ე არმიის ორი სამანევრო კომპონენტის შენაერთები – 67-ე მოტომსროლელი დივიზიისა და 164-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადისა – მონაწილეობენ ბრძოლებში სევეროდონეცკისა და კრემენნაიას დასავლეთით მდებარე სექტორში, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.
BBC-ის თანახმად, ბრიტანული დაზვერვის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთს უკიდურესად იშვიათად აუმოქმედებია არმიის მასშტაბის რეზერვები, რომლებიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს ახალ მსხვილ შეტევით ოპერაციას.
იმის გათვალისწინებით, რომ 25-ე საერთო-საჯარისო არმიას, დიდი ალბათობით, აცლიან ხოლმე ნაწილებს გაჭიმული ფრონტის ხაზის გასაძლიერებლად, უახლოეს კვირებში ნაკლებად სავარაუდოა რუსეთის ჯარების ახალი კონცენტრირებული შეტევა, ასკვნიან ბრიტანეთის დაზვერვის სპეციალისტები.
ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშნებს იმისა, რომ პუტინის მიზნები შეიცვალა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ლატვიის პრემიერ-მინისტრ ევიკა სილინიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“გენერალური მდივანი მიესალმა უკრაინული კონტრშეტევის მყარ პროგრესს, რომელშიც უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს და ახლა მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ შავი ზღვრის რუსულ ფლოტს”, – განაცხადეს ნატო-ს პრესსამსახურში შეხვედრის შემდეგ.
მათი ცნობით, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ “ჩვენ ვერ ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშნებს იმისა, რომ პუტინის მიზნები შეიცვალა,” და დაადასტურა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი უსაფრთხოებისთვის ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი საფრთხედ რჩება.