ლავროვიმა აშშ გააკრიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთისა და ჩინეთის ინტერესების შეკავების მიზნით, დასავლეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მილიტარიზაციას ახორციელებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის პირველმა დიპლომატმა ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონში მისი ქმედებების გამო გააკრიტიკა. ამასთან, დასავლური მედია აღნიშნავს, რომ მომავალი ათწლეულების განმავლობაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონს როგორც რუსეთი, ისე დასავლეთი პოტენციური სტრატეგიული გეოპოლიტიკური ბრძოლის ველად განიხილავენ.
„ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ნატო-დან ცდილობენ ამ სივრცეს დაეპატრონონ,” – განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინდოეთ-წყნარი ოკეანის სტრატეგია რეგიონული თანამშრომლობისთვის “ინკლუზიური სტრუქტურების” გვერდის ავლის მცდელობა იყო. როგორც ლავროვმა დასძინა, ეს მოიცავს “ამ რეგიონის მილიტარიზაციას, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთისა და რუსეთის ინტერესების შეკავებაზე აშკარა ფოკუსით”.
ამასთან აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების ასოციაციის, ASEAN-ის სამიტზე პნომპენში, კამბოჯაში, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ ჩინეთის მმართველთან, სი ძინპინთან ჰქონდა უფრო ხანგრძლივი შეხვედრა, ვიდრე სხვა პარტნიორებთან, მაგრამ ხაზი გაუსვა დიპლომატიური შეზღუდვებს.
სამიტზე ბაიდენმა თქვა, რომ „უნდა ვიცოდეთ, სად გადის „წითელი ხაზები“ და რა არის ყველა ჩვენგანისთვის მომავალ ორ წელიწადში ყველაზე მნიშვნელოვანი.
სამიტის მასპინძელი და მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, კამბოჯის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა, კუნ პოაკმა განაცხადა, რომ „არ გვინდა რომელიმე მხარე ავირჩიოთ, ASEAN-ს სურს მჭიდრო თანამშრომლობა აშშ-თან და ასევე, ჩინეთთან“.
10 ნოემბერს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან მეგობრობის და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა უკრაინამ. ASEAN-ში რეგიონის ათი სახელმწიფოა გაერთიანებული. დიალოგის პარტნიორის სტატუსი აქვთ აშშ-ს, ევროკავშირს, ჩინეთს, რუსეთს და სხვა ქვეყნებს.